როგორი იქნება მომავლის ეკლესიები, სკოლები, სახლები | Allnews.Ge

როგორი იქნება მომავლის ეკლესიები, სკოლები, სახლები

არქიტექტორები, ტექნოგიგანტები, საგზაო ინჟინრები, მშენებლები და მრავალი სხვა პროფესიის ადამიანები შეთანხმებულად მუშაობენ, რათა ჩვეულებრივი ადგილების ფუტურისტული ვერსიები წარმოგვიდგინონ. ზოგიერთ შემთხვევაში ფუტურისტული ხედვები უკვე რეალიზებულია. ბევრი მათგანის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა კი მხოლოდ დროის საკითხია.

ეკლესია

ალაბამას შტატის Faith Chapel Christian Center-ის ფუტურისტულ ეკლესიაში 12-ბილიკიანი ბოულინგიც კი არის, სადაც ეკლესიის მრევლს აქ დასვენება შეუძლია. მლოცველებს ეკლესიის ტერიტორიაზე კალათბურთის მოედანი, ფიტნეს-ცენტრი, ალპინისტების კედელი, კაფე და სათამაშო მოედანი ელოდებათ. დასვენება და გართობა შეუძლია ყველას, როგორც მრევლს ასევე სტუმრებს.

ქვეითთა გადასასვლელი

სინგაპურში ქვეითთა გზაზე გადასვლის ახალ მექანიზმს ცდიან. ფუტურისტულ გადასასვლელზე, ტროტუარის გასწვრივ გაკეთებული დიოდური სინათლე ინთება და გადამსვლელთა ნაკადს აკონტროლებს, დიოდის მწვანე სინათლე კი ქვეითებს ტრადიციულად, გზაზე გადასვლის უფლებას აძლევს. 

სახლები

მომავლის სახლი განათებას ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე დაარეგულირებს, გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და მეპატრონეს ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას ურჩევს. სახლში დამონტაჟებული მონიტორები თვალს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც მიადევნებენ და მეპატრონეს სასეირნოდ გასვლასა და გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულებას შეახსენებენ. საზოგადოების მოთხოვნილებები პერმანენტულად იცვლება, შესაბამისად საცხოვრებლი სახლების ბაზარი უფრო მეტად მოქნილი და ადაპტირებული გახდება.

ექიმის კაბინეტი

ექიმის კაბინეტში ყველაფერი ციფრულ ვერსიაზე იქნება გადაყვანილი. სპეციალური სისტემა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გაგვაფრთხილებს და არ დაუშვებს იქამდე მივიდეთ, რომ მკურნალობა დაგვჭირდეს. ექიმთან ვიზიტი და კონსულტაციებისა და გამოკვლევების სავარაუდო ნუსხა ონლაინ რეჟიმში შედგება. ამის შემდეგ სპეციალური დანადგარი პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებს ჩაიწერს, რომელიც ხელმისაწვდომი ონლაინ სახითაც იქნება.

პროდუქტის მაღაზია

ფასის ციფრული მაჩვენებლები დამოუკიდებლად განახლდება, თვითმავალი კალათი კი კლიენტს გაჰყვება და სასურველი პროდუქციის მდებარეობას თავად მიანიშნებს. სმარტფონისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამის მეშვეობით, მომხმარებელი კალათს საყიდლების ნუსხას გაუზიარებს და დიეტურ შეზღუდვებზე ინფორმაციას მიაწვდის.

სასტუმრო

იაპონიაში, ნაგასაკის სიახლოვეს მდებარე სასტუმრო "ჰენ-ნას" რეგისტრატორების, მოახლეებისა და დამლაგების ფუნქციას რობოტები ითავსებენ. ისინი ხვდებიან სტუმრებს, გადააქვთ ბარგი და ალაგებენ ოთახებს. რობოტების გარეგნობასა და ჟესტებს ახალგაზრდა იაპონელების ქცევა უდევს საფუძვლად. ეს მექანიკური მომსახურე პერსონალი კლიენტების ხასიათისა და სხეულის ენის მიხედვით პროგრამდება. რობოტები სულ მცირე 4 სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.

სკოლები

მონაშის უნივერსიტეტის პროფესორი, ნილ სელვინი ვარაუდობს, რომ 10 წლის შემდეგ, ამერიკული სკოლები, იმ სახით რომლითაც მათ ჩვენ ვიცნობთ უბრალოდ აღარ იარსებებენ. აღარ იქნება სახელმძღვანელოები, კომპიუტერები, ნოუთბუქები თუ წერილობითი გამოცდები - და საერთოდ მოსწავლეებიც აღარ იქნებიან. ბიბლიოთეკებიდან დაბეჭდილი წიგნები გაქრება და მათ ციფრული ვერსიები ჩაანაცვლებს. გამოცდები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, ვირტუალური კლასები კი ნორმად იქცევა. მასწავლებლები შეიძლება რობოტებმა შეცვალონ, ისევე როგორც ეს იაპონიაში ხდება.

myquiz