აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ახალი მეთოდით შეძლებენ | Allnews.Ge

აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ახალი მეთოდით შეძლებენ

წელს, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება მობილური აპლიკაცია napp-ის მეშვეობითაც შეეძლებათ. აპლიკაცია, რომელიც "სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" რამდენიმე სტუდენტმა შექმნა, აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს, წინა წლებში გამოყენებული დავალებების ნიმუშებს, პროგრამებს, დამხმარე მასალებსა და სიახლეებს გაეცნონ.

აპლიკაციის ერთ-ერთი ავტორის, დავით სოსელიას თქმით, napp-ის გადმოწერა ნებისმიერი სმარტფონის მეშვეობით არის შესაძლებელი და ამასთანავე უფასოა.

"აპლიკაციას მალე სიახლე დაემატება, რომელიც "გამოცდების ეროვნული ცენტრის" ვებგვერდზე, naec.ge-ზე განთავსებულ სიახლეებს აბიტურიენტებს notification-ების მეშვეობით გააცნობს, რათა საგამოცდო პროცესების შესახებ არაფერი გამორჩეთ. მისი გადმოწერა უკვე შესაძლებელია, ამისათვის App store-ში ან Play Store-ში napp-naec app უნდა მიუთითონ,"-განმარტავს დავით სოსელია.

"გამოცდების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, აპლიკაცია აბიტურიენტებს უკეთ მომზადებაში დაეხმარება, რადგან ის კომფორტული და მოსახერხებელია. Napp-ში, ჯერჯერობით უცხოენოვანი აბიტურიენტებისთვის საგამოცდო დავალებები გათვალისინებული არ არის, თუმცა მიმინოშვილის თქმით, მომავალში მისი დამატება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და მას ათასზე მეტი აბიტურიენტი იყენებს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz