2018 წელს მთვარეზე პირველი ტურისტები გაფრინდებიან | Allnews.Ge

2018 წელს მთვარეზე პირველი ტურისტები გაფრინდებიან

ამერიკული კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX-ი მთვარეზე ორი ადამიანის გაშვებას აპირებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აღნიშნა, კოსმოსური ხომალდის მგზავრები არა პროფესიონალი ასტრონავტები, არამედ კერძო პირები იქნებიან, რომლებმაც ტურისტების სახით კოსმოსში გაფრენა მოინდომეს და "მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯებიც" გაწიეს.

ამ ადამიანების ვინაობის დასახელებისგან SpaceX-ის ხელმძღვანელმა თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ თუმცა, ჰოლივუდის ვარსკვლავები არ არიან. წელს ეს ადამიანები აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც გაფრენისთვის მომზადება დაიწყება. მასკის თქმით, მთვარეზე გაფრენა შესაძლებელი მხოლოდ SpaceX-ის NASA-სთან თანამშრომლობის შედეგად გახდა.

"კაცობრიობისთვის ეს პროგრამა ბოლო 45 წლის მანძილზე შორეულ კოსმოსში დაბრუნების პირველი შესაძლებლობაა", - მიიჩნევს ილონ მასკი.

კოსმოსური ხომალდი, რომლითაც ეს გაფრენა შესრულდება, უკვე გადის ცდებს და წელს პირველ, არაპილოტირებად გაფრენას განახორციელებს. 2018 წლის დასაწყისში კი ხომალდი მეორე ფრენას შეასრულებს - უკვე ეკიპაჟის თანხლებით.

ილონ მასკი აღიარებს, რომ მთვარეზე გაფრენა რისკიანი წამოწყებაა, თუმცა მომავალი ტურისტები სრულად აცნობიერებენ, თუ რის გაკეთებას აპირებენ.

"რა თქმა უნდა, ისინი მიამიტები არ არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს, რათა რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ ის მაინც იარსებებს", - განაცხადა ილონ მასკმა.

SpaceX-ის გეგმის მიხედვით, ხომალდი მთვარეს შემოუფრენს, მაგრამ არ დაეშვება. ბოლოს ადამიანი მთვარეზე 1970-იან წლებში გაფრინდა. ამის შემდეგ NASA-მ მთვარის პროგრამა "აპოლო" მისი ძვირადღირებულების გამო დახურა.

myquiz