ტექნოლოგიებით გატაცებული ქართველი პროგრამისტი დები | Allnews.Ge

ტექნოლოგიებით გატაცებული ქართველი პროგრამისტი დები

ქართველი გოგონა, 19 წლის ელენე მაჩაიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის, თუმცა, ის ოჯახიდან ერთადერთი არ არის, რომელიც პროგრამირებითაა დაინტერესებული. 17 წლის ანა და 12 წლის მარიც, უფროსი დის მსგავსად, კომპიუტერული მეცნიერებით არიან გატაცებულნი. გოგონების მშობლებმაც განათლება გამოყენებითი მათემატიკისა და პროგრამირების მიმართულებით მიიღეს.

ამერიკული ცხოვრების დაწყებამდე ელენე, მზიურის საინფორმაციო ტექნოლოგიურ ცენტრში 50-მდე მოსწავლეს საკუთარ ცოდნას უზიარებს.

ელენე: "ძალიან მიხარია როცა ჩემს ახსნილ პატარები იგებენ, ცოტათი დამღლელია 3 საათი გაკვეთილებზე ყოფნა, მაგრამ მაინც სახალისოა. ჭკვიანი ბავშვები არიან. C++, ალგორითმებს მონაცემთა სტრუქტურებს ვასწავლი, თუ როგორ გამოვიყენოთ ამოცანების ამოხსნისთვის".

ყველაზე უმცროსი და მარი 12 წლისაა. კომაროვის სკოლაში სწავლის გარდა, მზიურის საინფორმაციო ტექნოლოგიურ ცენტრში დადის.

როგორც მარი ამბობს, ის რობოტექნიკითაა გატაცებული, თუმცა, ჯერჯერობით მის სამომავლო გეგმებში მხოლოდ სკოლის დამთავრება შედის. სულ ახლახან მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში, სადაც თავის თანატოლ ჯგუფელებთან ერთად საიტი შექმნა.

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადიდან 10-ზე მეტი მედლით დაბრუნდნენ

რაც შეეხება ანას, მე-12 კლასშია და სკოლას წელს ამთავრებს. მასაც უფროსი დის მსგავსად, სურვილი აქვს განათლება ამერიკაში მიიღოს.

ანი:

"შერჩეული მაქვს, ვარსკვლავური უნივერსიტეტები, მაგრამ რამდენად მიმიღებენ არ ვიცი."

ელენე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT), მომდევნო 4 წლის განმავლობაში ისწავლის. აღსანიშნავია, რომ MIT- ის სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს.

უნივერსიტეტმა ელენე სრული დაფინანსებით მიიღო.

კომაროვის სკოლიდან, ელენე მესამე მოსწავლეა, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში გაემგზავრება. გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან. ამ დროისთვის, MIT-ის ბაკალავრის პროგრამაზე სულ 4 ქართველი სწავლობს.

სკოლა თბილისში, სადაც მოსწავლეები რობოტებს ქმნიან

ელენე: "სწავლა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება, მაგრამ ამერიკაში გარემოა სხვანაირი, იქ უფრო ბევრი შრომისმოყვარე და მოტივირებული სტუდენტია. კონკურსი ძალიან მაღალი იყო, მიღებული აპლიკაციებიდან 7%-ს იღებენ, უმეტესობას ამერიკის მოქალაქეს და მხოლოდ 150 უცხოელ აპლიკანტს. იმედი მაქვს ოჯახის გარეშე არ გამიჭირდება, თუმცა, ვიცი რომ ოჯახი ძალიან მომენატრება."

ელენემ ორ მეგობართან ერთად საიტიც შექმნა coder.ge, რომელიც ქართველ დამწყებ და უკვე შემდგარ პროგრამისტებს სხვადასხვა ამოცანის ამოხსნის საშუალებას აძლევს. საიტი სექტემბრიდან ჩაეშვა და ამ დროისთვის 400 მომხმარებელი ჰყავს. როგორც გოგონები ამბობენ, ისინიც აქტიურად იყენებენ საიტს და აუმჯობესებენ თავიანთ ცოდნას.

ელენე: "ეს საიტი, ეხმარება ქართველ ახალგაზრდებს ისწავლონ პროგრამირება, განთავსებული გვაქვს ამოცანები, რომლების ამოხსნაც მათ შეუძლიათ და საიტი მათ ნამუშევარს შეამოწმებს. საიტის შექმნის მიზანი მათთვის პროგრამირების სწავლის გაადვილება იყო."

ანა: "ჩვენც აქტიურად ვიყენებთ ამ საიტს. ბევრი პლუსი აქვს ქართველი მოსწავლეებისთვის, რადგან ამოცანები ქართულ ენაზე არ არის. ან ინგლისურად ან რუსულადაა, ხოლო ეს საიტი მათ შესაძლებლობას აძლევს ქართულ ენაზე დაწერილი პირობა ნახონ და ამოცანები ამოხსნან."

ქართველი მოსწავლეების გამოგონებები

საინტერსოა, რამდენად არიან დაინტერესებულნი პროგრამირებით სხვა ახალგაზრები?

მარიამის თქმით, მის გარშემო სულ ცოტა 10 ბავშვი მაინცაა, რომელთაც პროგრამირება აინტერესებთ. გარდა სწავლისა, აღმოჩნა, რომ გოგონები გართობასაც ახერხებენ და სულაც არ სხედან მთელ დღეს კომპიუტერთან.

ელენე: "სულ მეკითხებიან გართობის დროსაც სწავლობო?"

ანი: "პროგრამირებას ისე ვერ ისწავლი, თუ არ გიყვარს. ერთ-ერთი გართობა ესეცაა, რადგან ასე კონკრეტულად სკოლაში არ ისწავლება. მაგრამ სხვა რაღაცებისთვის მრჩება დრო."

გარდა პროგრამირებისა, გოგონებს სხვა საერთო ინტერესიც აქვთ. სამივეს ძალიან უყვარს შოპინგი. ხშირად დადიან კინოსა და თეატრში. პროგრამირებით დაინტერესებულ მოზარდებს კი გოგონები ურჩევენ, რომ საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებაზე იზრუნონ.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz