პროგრამა, რომელიც ქართულ საუბარს ტექსტად აქცევს | Allnews.Ge

პროგრამა, რომელიც ქართულ საუბარს ტექსტად აქცევს

პროგრამა, რომელიც ქართულ საუბარს ტექსტად აქცევს, დაფინანსებას ელოდება

Geo Speech Recognizer - პროგრამის სატესტო ვარიანტი, რომელიც ქართულ საუბარს ტექსტად აქცევს, ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა ირაკლი ქარდავამ უკვე შექმნა.

ირაკლი erasmus mundus-ის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში პოლონეთში იყო და ნანობიომედიცინის ლაბორატორიაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქმიანობდა. პროგრამა, რომელიც ქართულ საუბარს აღიქვამს და მას ტექსტად აქცევს, პოლონეთში წასვლამდე შექმნა და ახლა სამშობლოში დაბრუნებულმა დაფინანსების მოპოვებაზე ზრუნვა დაიწყო.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს საკმაოდ ძლიერ პარტნიორთან, რომლის დასახელებაც ამ დროისთვის არ შემიძლია.

ტექნიკურად პროგრამა გამართულია, ახლა უბრალოდ გვჭირდება ინვესტიცია, რომ ის სამომხმარებლო პროდუქტად იქცეს. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ჩვენი მოლაპარაკებები და საქართველოსა და ქართულ ენას ექნება პროგრამა, რომელიც საუბარს ტექსტად გადააქცევს. ამით ჩვენ უნიშვნელოვანეს მსოფლიო პროგრამებში ჩართვას შევძლებთ," – განმარტავს allnews.ge-სთან საუბარში ირაკლი ქარდავა.

ამ პროგრამით "ვირტუალურ საქართველოს" შესაძლებლობა ექნება, Google-Voice-ის სისტემის ნაწილი გახდეს.

მისი დახმარებით Google-ში ქართული ხმის ინტეგრირება გახდება შესაძლებელი.

ირაკლი ქარდავა გეგმავს, რომ მოგვიანებით Google-ს შესთავაზოს ამ მოდულის ჩართვა. Microsoft-მაც შეიძლება ჩართოს Speech Recognizer-ის ქართული მოდული. ამ სისტემის ინტეგრირება ნებისმიერ სმარტფონშიც შეიძლება. გამოგონება იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მას აქცენტების პრობლემა მოხსნილი აქვს.

"ახალი მიდგომა მაქვს შემუშავებული. ჩვენს ტექსტის ამკრეფს აქცენტების პრობლემა არ ექნება. მაგალითად, ინგლისურს ორი: ამერიკული და ინგლისური აქცენტი აქვს. შესაბამისად, პროგრამის ორი აკუსტიკური მოდელი არსებობს. ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვა აქცენტით ნათქვამს ერთი რომელიმე აკუსტიკური მოდელი ვერ იგებს. ჩვენ ახალი მიდგომა შევიმუშავეთ, რომელიც ამ პრობლემას მოხსნის და მზად ვართ, ის მსოფლიოს შევთავაზოთ," - ამბობს ქარდავა.

ირაკლი ქარდავა ინფორმატიკის დოქტორია. მისი სადოქტორო ნამუშევრის კვლევის საგანი კომპიუტერული ლინგვისტიკაა და სწორედ ამ მუშაობის შედეგია Geo Speech Recognizer.

"ჩემთვის ყველაზე საინტერესო საუბრები და ხმის ამოცნობა იყო. ეს კი ხელოვნული ინტელექტის ერთ-ერთი საწყისი ელემენტია. მინდოდა, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც ჩემი სადისერტაციო თემით იქნებოდა გამაგრებული და ამავდროულად, მასში ეროვნული საკითხებიც ჩაერთვებოდა. ჩემ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა ის დანაკლისი, რაც საქართველოს გააჩნია მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ახალი პროდუქტი იქმნება.

ჩემი გამოგონებით კი შევძლებთ, ამ მიმართულებით განვითარებული ქვეყნების სიაში მოვხვდეთ.

რეალურად ასეთი ენები ცოტაა და მათ შორისაა ინგლისური, რუსული, ფრანგული და გერმანული," - ამბობს ქარდავა.

პროგრამა არანაკლებ ღირებულია უსინათლოებისთვის. მათ ამიერიდან გაუადვილდებათ კომპიუტერულ და მობილურ მოწყობილობებთან მუშაობა.

Geo Speech Recognizer-ს სიტყვების ბაზები აქვს. მასზე დაყრდნობით, პროგრამით მიღებული ყველა სიტყვა სწორი იქნება. მოხსნილია ტექსტის გრამატიკული კორექტირების საკითხიც. პროგრამა სიტყვას ან სწორად დაბეჭდავს, ან საერთოდ არ დაბეჭდავს.

პროგრამაზე მუშობის პარალელურად, ირაკლი ქარდავა აქტიურად საქმიანობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გაიხსნა ლაბორატორია, რომელიც ხელოვნური ნეირონული ქსელების შესაწავლაზე მუშაობს. ის აქტიურად თანამშმრომლობს პოლონეთისა და აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეებსა და ლაბორატორიებთან.

ნანა მღებრიშვილი

myquiz