რა მოხდება თუ ინტერნეტი ერთი დღით გაითიშება | Allnews.Ge

რა მოხდება თუ ინტერნეტი ერთი დღით გაითიშება

ჯეფ ჰენკოკს, სტენფორდში, თავისი სტუდენტებისთვის უჩვეულო საშინაო დავალებების მიცემა უყვარდა. 2008 წლამდე ის თავის მოსწავლეებს 48 საათის განმავლობაში ინტერნეტის მოხმარებისგან თავის შეკავებას სთხოვდა, უნივერსიტეტში დაბრუნებულებს კი ეკითხებოდა, რა გავლენა იქონია აღნიშნულმა ექსპერიმენტმა მათზე. თუმცა, როდესაც ჰენკონკმა 2009 წელს სტუდენტებისთვის იმავე დავალების მიცემა გადაწყვიტა, კლასმა ბოიკოტი გამოაცხადა.

"სტუდენტებმა გულწრფელად განაცხადეს, რომ მისია შეუსრულებელი იყო და თანაც უსამართლო.

მათი თქმით, ინტერნეტის მოხმარებისგან თავის შეკავება სხვა საგნებში საშინაო დავალების შესრულებაში ხელს შეუშლიდათ, დაანგრევდა მათ სოციალურ ცხოვრებას, გარდა ამისა, მათი მშობლებისა და მეგობრების ნერვიულობის საბაბი გახდებოდა" - გაიხსენა ჰენკოკმა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ლექტორმა აღნიშნული დავალება გააუქმა და მომავალში აღარასდროს გამოუყენებია. დღეს ჩვენი "ონლაინ" დღის წესრიგის პირობებში, ყველაზე აქტუალური კითხვაა,

რა მოხდება თუ ინტერნეტთან წვდომა ერთი დღით შეწყდება?

1995 წელს, მსოფლიო მოსახლების 1%-ზე ნაკლებს ჰქონდა წვდომა ინტერნტთან, 20 წლის შემდეგ კი აღნიშნული მაჩვენებელი 3,5 მილიარდ ადამიანამდე გაიზარდა, რაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს შეადგენს, და მათი რიცხვი წამში 10 ადამიანით იზრდება.

კვლევების მიხედვით, ამერიკელების მეხუთედმა განაცხადა, რომ ინტერნეტს გამუდმებით იყენებს, 73%-მა კი აღნიშნა, რომ დღეში ერთხელ მაინც არის ონლაინ. მონაცემები ანალოგიურია გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაშიც.

"ინტერნეტთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებმა ის ჩვეულებრივ მოვლენად მივიღეთ და არ გავაცნობიერეთ, რამდენად გავხდით მასზე დამოკიდებული, ჩვენი უმეტესობა არც კი დაფიქრებულა, რა მოხდება თუ მასზე წვდომა არ გვექნება"- განმარტა მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა, უილიამ დუტონმა.

თუმცა, ინტერნეტი ხელშეუხებელი სულაც არ არის.

სურვილის შემთხვევაში, ჰაკერებსა თუ კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას მასზე წვდომის შეზღუდვა საკმაოდ მარტივად შეუძლიათ, როგორც ეს ეგვიპტემ, არაბული გაზაფხულის დროს, დემონსტრანტებისთვის კოორდინაციაში ხელის შეშლის მიზნით გააკეთა.

მკვლევარები დაინტერესდნენ ექნება თუ არა რაიმე გავლენა ინტერნეტის გათიშვას ეკონომიკაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების კიბერ შედეგების გაერთიანების წევრის, სკოტ ბორგისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტის მაქსიმუმ ოთხი დღით შეზღუდვას, ეკონომიკაზე დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

უფრო მეტიც, არასამთავრობო ორანიზაციის წარმომადგენელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ინტერნეტის გამორთვა პროდიუქტიულობას ზრდის იმდენად, რამდენადაც თანამშრომლები გადადებულ საქმეს გააკეთებენ, მათ შორის დოკუმენტაციასთან დაკავშირებულს.

ინტერნეტის მიწოდების ერთი დღით შეწყვეტა დიდ გავლენას ვერც მოგზაურობაზე იქონიებს.

თვითმფრინავსა და სახმელეთო ტრანსპორტს გადაადგილებისთვის ინტერნეტი არ სჭირდება, თუმცა ხანგრძლივად მისი გათიშვა უკვე ლოჯისტიკურ პრობლემებს გამოიწვევს.

უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის, არც ერთ კომპანიას არ აქვს ალტენატიული გეგმა, რას გააკეთებს ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში.

ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვა განსაკუთრებით შესამჩნევი სოციალურ დონეზე იქნება. ამ დროს, ადამიანებს იზოლირებისა და შფოთის განცდა ეუფლებათ. ინტერნეტის მთელი არსი ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია გაგვიადვილდეს.

მისი წყალობით, შეგვიძლია კავშირი დავამყაროთ ნებისმიერ პიროვნებასთან, ნებისმიერ ადგილასა და ნებისმიერ დროს.

ამ ჩვევის შეზღუდვა ადამიანებში განუსაზღვრელ დისკომფორტს გამოიწვევს.

დაუცველობისა და მარტოსულობის შეგრძნებას გაამძაფრებს. მარტოხელა დედები ძიძასთან დატოვებული ბავშვების გამო უფრო იღელვებენ, სახლიდან გასულებს კი ის დააფიქრებთ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის პირობებში, მათთან დაკავშირების და დახმარების თხოვნის შესაძლებლობა არ ექნებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები შესაძლოა, უფრო სოციალურები არსებები გახდნენ. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი მსგავსი მოსაზრების კატეგორიული წინააღმდეგია.

ერთი დღე ინტერნეტის გარეშე მსოფლიოს არ გაანადგურებს.

თუმცა, ადამიანების უმეტესობისთვის ეს დღე ცუდად დასამახსოვრებელი გახდება, ზოგიერთი ჩვენგანი კი, მის მნიშვნელობასა და გავლენაზეც დაფიქრდება.

myquiz