29.12.2016 / 14:26
შრიფტის ზომა:

2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევები

2016 მეცნიერებისა და ტექნიკის სამყაროში მნიშვნელოვანი აღმოჩენების წელი გახდა. მეცნიერული აღმოჩენებისა და ტექნიკური სიახლეების შესახებ ჩვენ თითქმის, ყოველდღე გვესმის. წარმოგიდგენთ იმ ყველაზე მთავარ სიახლეებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა.

მზის სისტემის ახალი პლანეტა: მეცნიერების მტკიცებულებები
იანვარში კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა მაიკლ ბრაუნდმა და კონსტანტინ ბატიგინმა განაცხადეს, რომ მზის სისტემის გიგანტური პლანეტის არსებობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს. მეცნიერების ტქმით, პლანეტა პლუტონზე უფრო შორს მდებარეობს.

მზის სისტემაში ახალი პლანეტა-გიგანტი აღმოაჩინეს

მათი აზრით, ტელესკოპით პლანეტის დანახვა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ მისი არსებობის მტკიცებულებები შორეულ კოსმოსში მცირე ციური სხეულების მოძრაობის შესწავლისას იქნა აღმოჩენილი. ამ პლანეტის მასა დედამიწის მასას დაახლოებით, 10-ჯერ უნდა აღემატებოდეს.

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკულმა ასოციაციამ თებერვალში კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდის შესახებ განაცხადა, რომელიც ადამიანის იმუნოსისტემას კიბოს უჯრედებთან საბრძოლველად განაწყობს.

ცდებმა კარგი შედეგები აჩვენეს: 90%-ზე მეტმა უიმედოდ დაავადებულმა პაციენტმა რემისიის სტადიაზე გადაინაცვლა.

ექსპერიმენტის ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული პაციენტების სისხლიდან თეთრი უჯრედები ამოიღეს და ლაბორატორიაში მოდიფიცირების შემდეგ, ისევ სისხლის მიმოქცევის სისტემაში დააბრუნეს. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მეთოდი ჯერ კიდევ საჭიროებს შემოწმებას.

დედამიწაზე სიცოცხლის უძველესი ნიშნები
აგვისტოს ბოლოს ავსტრალიური ვოლონგონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში დედამიწაზე სიცოცხლის უძველესი ნიშნები აღმოაჩინეს, რომლებიც 3,7 მილიარდ წელიწადს ითვლიან. საუბარია ე.წ. სტრომატოლიტებზე - მიკრობების რთული კოლონიების გაქვაბებულ კვალზე.

აქამდე სიცოცხლის უძველესი ნიშნები, ავსტრალიაში აღმოჩენილ სტრომატოლიტებზე შეიმჩნეოდა და 3,5 მილიარდ წელს ითვლიდა.

ბავშვის დაბადება კვერცხუჯრედის გარეშე

სექტემბრის შუა რიცხვებში დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჟურნალ Nature Communications-ში გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც განაცხადეს, რომ მიაღწიეს ჯანმრთელი თაგვების დაბადებას, რასაც წინ სპერმატოზოიდებით არა ჩვეულებრივი კვერცხუჯრედის, არამედ ქიმიური ნივთიერების გამოყენებით შექმნილი ფსევდოემბრიონის განაყოფიერება უძღოდა. მეცნიერების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ბავშვის ჩასახვა ქალის მონაწილეობის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

ბავშვების გაჩენა შესაძლოა, კვერცხუჯრედის გარეშე გახდეს შესაძლებელი

თუმცა, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია, პრაქტიკაში კი თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს წარმატებული დაორსულების მიღწევის ალბათობა 25%-ს შეადგენს.

ყოველივე ხელქმნილის მასა
მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან დაითვალეს და 30 ნოემბერს ჟურნალ The Anthropocene Review-ში გამოაქვეყნეს ტექნოსფეროს მასა, ანუ მასა ყველაფრის, რაც კი ადამიანის მიერაა შექმნილი - შენობების, გზების, ხიდების, ავტომობილების და ა.შ. ამ რიცხვმა თითქმის 30 ტრილიონი ტონა შეადგინა, რაც დედამიწის ზედაპირის ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე (ხმელეთისა და წყლის ჩათვლით) 50 კილოგრამზე მეტს უდრის.

უპილოტო ტაქსი - დროებითი წარუმატებლობა

21 დეკემბერს კომპანია Uber-მა სან-ფრანცისკოში უპილოტო ტაქსების ცდების შეჩერების შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც კალიფორნიის შტატის რეგულატორებმა მას თვითმართვადი ავტომობილების რეგისტრაცია ჩამოართვეს. პირველი შეხედვით, ეს მიღწევა კი არა, მარცხია. მაგრამ თუკი საკითხის შინარსს - ქალაქში უპილოტო მანქანით მგზავრობას - გავითვალისწინებთ, ამაში გასაკვირი არაფერია. მთავარი კი ისაა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.