მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა | Allnews.Ge

მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში არსებული 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიოს ფაბლაბების რუკაზე გამოჩნდა. რუკა მსოფლიოში არსებულ 1000-ზე მეტ ლაბორატორიას შორის ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალებაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, საქართველო რეგიონის მასშტაბით პირველი ქვეყანაა, რომელმაც გლობალურ რუკაზე 22 ფაბლაბი მონიშნა.

2016 წლის მონაცემებით, საქართველო ფაბლაბების რაოდენობის მიხედვით მე-11 ადგილს იკავებს მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია, ჩინეთი და სხვა.

სააგენტოს შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო რუკაზე დარეგისტრირებული ფაბლაბების შერჩევისა და რუკაზე მონიშვნის კომისიის წევრებს შორისაც იკავებს ადგილს.

"გასულ წელს FAB11-ის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო დასახელდა მსოფლიოში პირველ ფაბლაბების ქვეყნად, ამ სტატუსის მატარებელ ქვეყანას აქვს საშუალება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი გამოიყენოს. აღნიშნული წინსვლა უფრო მეტად ამყარებს ამ კონცეფციაში ჩვენს აქტიურ მონაწილეობას, რაც ზრდის პერსპექტივებს მომავალი განვითარების კუთხით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების მიმართულებით მუშაობას, რაც აუცილებლად აისახება სფეროს წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაზე", - აღნიშნა ფაბლაბების ქსელის მენეჯერმა გიორგი ხაჩიძემ.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბის პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგ, სააგენტომ თბილისის მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით 21 ლაბორატორიის ფორმირება მოახდინა.

"მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროს დაფინანსებით სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 14-მდე ფაბლაბი ერთდროულად გაიხსნება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში. ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება, ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ის ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე, ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა, მომავლის პროფესიების ფორმირება და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება", - განმარტავენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ფაბლაბების რაოდენობის გადანაწილება ასეთია: თბილისი - 9; ბათუმი - 2; ქუთაისი - 2 ; მესტია - 1 ; გურჯაანი - 1; ახალციხე - 1; ქობულეთი - 1; წალენჯიხა - 1; ფოთი - 1; ამბროლაური - 1; რუსთავი - 1; ზუგდიდი - 1.

myquiz