"სილიკონ ველი თბილისის სივრცეში" მულტიმედია სწავლების ცენტრი იხსნება | Allnews.Ge

"სილიკონ ველი თბილისის სივრცეში" მულტიმედია სწავლების ცენტრი იხსნება

"სილიკონ ველი თბილისის"" სივრცეში მულტიმედია სასწავლო ცენტრი ამოქმედდება. ჰოლდინგი "პალიტრამედიისა" და "სილიკონ ველი თბილისის" ერთობლივი პროექტი მრავალფუნქციური სასწავლო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორიენტირებული იქნება მედიის განვითარებაზე, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებაზე, ასევე მედია ბაზარზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაზე.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მედიის სასწავლო ცენტრი ასევე სტიმულირებას გაუწევს სტრატაპების შექმნას მედიის სფეროში. მედიაცენტრის მენეჯერები მედიასტარტაპის განხორციელების ყველა ეტაპს - იდეის პროექტად გარდაქმნასა და განხორციელებას გაუწევენ მენეჯმენტს.

მულტიმედიაცენტრის ცენტრის მსმენელები სრული პრაქტიკის პირობებში მიიღებენ საბაზისო ცოდნას, რომლის დასრულების შემდეგ ისინი ისაწავლიან და იმუშავებენ ინტეგრირებული ნიუსრუმის მედია ლაბორატორიაში. მსმენელები პროფესიონალ ტრენერებთან ერთად დასახავენ იდეებსა და მიზნებს, რომლის მისაღწევად და განსახორციელებლად საჭირო ინსტრუმენტებს სწორედ ლაბორატორიაში დაეუფლებიან.

მულტიმედია ცენტრი იქნება სივრცე ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს მულტიმედია პროდუქტების შექმნა - იქნება ეს ჟურნალისტი, მედიასაქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი თუ ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში ძალების მოსინჯვა სურს.

ცენტრში მსმენელები ისწავლიან ვიდეოსა და ფოტოს გადაღება-დამუშავებას, ინფოგრაფიკების, ვიდეოგრაფიკების დამზადებას, მონტაჟს, კომპიუტერულ პროგრამირებასა და ონლაინ სერვისებს.

გარდა ამისა, მსმენელები აითვისებენ ახალი პროდუქტების შექმნას - მობილური აპლიკაციების დამზადებას, ვებგვერდების დეველოპმენტს, პროგრამირებასა და კოდირებას. მსმენელებს ასევე უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ აითვისონ სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობა, როგორ გაზარდონ აუდიტორია და მისი ჩართულობა.

მულტიმედია სასწავლო ცენტრში ტრენინგები და სემინარები ყოვედღიურ რეჟიმში გაიმართება, მედიაცენტრში სწავლების პროცესს გაუძღვებიან წარმატებული პრაქტიკოსი ჟურნალისტები და პროფესიონალი მედიაექსპერტები.

"სილიკონ ველი თბილისის"" სივრცეში მულტიმედია სასწავლო ცენტრი იანვრიდან ამოქმედდება და გადამზადების მსურველების პირველ ნაკადს მიიღებს.

myquiz