მაროკოში მეჩეთები ნელ-ნელა მწვანე ენერგიაზე გადადის | Allnews.Ge

მაროკოში მეჩეთები ნელ-ნელა მწვანე ენერგიაზე გადადის

მაროკოს მთავრობა თანდათანობით განახლებად ენერგიაზე გადასვლას გეგმავს. ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ მეჩეთში უკვე დაამონტაჟეს ენერგოეფექტური განათებები და მზის ენერგიის პანელები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ 15 000 მეჩეთში იგეგმება, რაც მაროკოში მდებარე სალოცავების 30 პროცენტს შეადგენს.

ე.წ მწვანე მეჩეთების ინიციატივა მაროკოს ამბიციური გეგმის ნაწილია, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას გულისხმობს. მთავრობა მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმპორტირებული საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირებისთვის. აღსანიშნავია, რომ მაროკოში ენერგორესურსების 95 პროცენტი საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია.

მსოფლიო თანდათან "მწვანე ენერგიაზე" გადადის

როგორც პროექტის მენეჯერი, აჰმედ ბუზიდი ამბობს, მეჩეთებზე დამონტაჟებული მზის პანელები მოსახლეობისთვის კარგი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ უნდა დაიზოგოს ენერგია. ამიტომაც ე.წ მწვანე მეჩეთები ხელს შეუწყობს გაზარდოს მოსახლეობის სურვილი თავიანთ სახლებსა და კომპანიებშიც ენერგიის დაზოგვის მიზნით გამოიყენონ ალტერნატიული ენერგიის წყაროები.

პროექტის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში მოსახლეობამ და სხვადასხვა ორგანიზაციებმა ენერგიის მოხმარება 20 პროცენტით შეამცირონ.

პროექტის ფარგლებში ტექნოლოგიების დანერგვის გარდა, სხვა კუთხითაც მუშაობენ. კერძოდ, წლის განმავლობაში 10 000-მდე მოქალაქის გადამზადება ხორციელდება, რომლებიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ათვისებასთან დაკავშირებით ცოდნას და პრაქტიკულ უნარჩვევებს იღებენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

myquiz