ქართველი მოსწავლეების გამოგონებები | Allnews.Ge

ქართველი მოსწავლეების გამოგონებები

ალბათ ხშირად მოგისმენიათ, რომ თქვენს ახლობელსა თუ მეზობელს ზამთრის ცივ დღეებში წყლის ავზი გაეყინა. ხანძრის დროს მსხვერპლზეც ხშირად გაიგებდით, რომელმაც შენობიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. ამ და სხვა მრავალი პრობლემის გადაჭრაზე ქართველი მოსწავლე გამომგონებლები მუშაობენ. მათი პროექტების ნაწილმა "ნასა" და "ცერნიც" მოიარა, ნაწილი კი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია.

თუმცა, ყველა მათგანი ელოდება ინვესტორს, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერების პროექტებს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს გახდის.

ბექა მიქაძე სერვანტესის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის გიორგი მარგიანთან ერთად უკვე 2-წელიწადნახევარია მზის პანელებისგან უფრო მეტი ენერგიის მიღებაზე მუშაობს.

"ჩვენი დანადგარი მზის პანელზე კონცენტრირებას უკეთებს მზის სინათლეს რეფლექტორის საშუალებით, რომელიც მის გარშემოა დაყენებული. ეს რეფლექტორი სხვა აპრობირებულ მეთოდებთან შედარებით მეტ ენერგიას იძლევა. შედეგად ვიღებთ მეტ ენერგიას ნაკლებ ფასად. ეს პროექტი არის წინა წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებული. იმ პერიოდში საბოლოო პროდუქტის შექმნა 1 000 ლარი ჯდებოდა. თუმცა ჩვენ მის დახვეწაზეც ვიმუშავეთ და ახლა ღირებულება 200 ლარამდე ჩამოვიდა. 2017 წელს ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსზე Intel ISEF-ზე წარვადგენთ და თუ იქაც გავიმარჯვეთ, უკვე მის დაპატენტებას დავიწყებთ და წარმოებაში ჩაშვებაზეც ვიზრუნებთ. თუ ვერ გავიმარჯვეთ, პროექტის დახვეწაზე გავაგრძელებთ მუშაობას," - განმარტავს ახალგაზრდა გამომგონებელი ბექა მიქაძე.

ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მუშაობს და მათი მენტორი პროფესორი თეიმურაზ ჩიჩუაა.

საევაკუაციო ლიფტი კი ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-10 კლასელმა გიორგი ფხაკაძემ და მე-9 კლასელებმა ოლეგ ჯაჭვლიანმა და ნანო ხეცურიანმა შექმნეს.

ლიფტი მაღალსართულიან შენობებში ექსტრემალური მდგომარეობის დროს გამოსაყენებლად არის გათვლილი.

"მაღალსართულიან შენობებში ევაკუაციის დროს კიბეების გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ლიფტებიც ხშირად ფუნქციას კარგავს. ვერტმფრენი ცეცხლის ალმა შეიძლება ჩამოაგდოს. რომც მივიდეს და ხალხის გამოყვანა შეძლოს, ის მაინც შეზღუდული რაოდენობის ადამიანს იტევს. სწორედ ამ სირთულეების არსებობის გამო დავიწყეთ მუშაობა საევაკუაციო ლიფტის პროექტზე," - განმარტავს გიორგი ფხაკაძე.

მათი ხედვით, ლიფტის კაბინა უნდა იყოს მრგვალი 2,5 მეტრიანი რადიუსით. ფართი კი 4,5 კვადრატული მეტრი იქნება და დაახლოებით 20 ადამიანს დაიტევს. თუმცა ახალგაზრდა გამომგონებლები კაბინის გაზრდის ან რამდენიმე შახტის არსებობასაც განიხილავენ.

"შახტა გამტარი მასალისგან დამზადდება. ეს შეიძლება იყოს სპილენძი ან ალუმინი. კაბინის ზედაპირი და იატაკი იქნება ერთმანეთთან მიახლოებული, ასე ვთქვათ "დაკეცილ" მდგომარეობაში შეინახება. აუცილებელია, რომ შესასვლელი მოშორებული იყოს ყველა ისეთ ადგილს, სადაც ცეცხლის წარმოქმნის ალბათობა არსებობს.

ევაკუაციის დროს კარი მექნიკური ბერკეტით გაიღება და გაიშლება კაბინაც. მას ქვემოთ ექნება რგოლური მაგნიტი, რომლის წონაც თუ იქნება 200 კილო, 20 ადამიანის ჩამოყვანას შეძლებს. თუმცა ახლა ვმუშაობთ ამ სისტემის დახვეწაზე, რომ 100 კილოგრამმა 20 ადამიანის ჩამოყვანა შეძლოს. ფიზიკის კანონები გვაძლევს ამის საშუალებას. ჩვენი ლიფტის სიჩქარე 2-3 მეტრ/წამი იქნება. დღევანდელი სწრაფი ლიფტების სიჩქარე კი მინიმუმ 4-5 მეტრ/წამია," - თქვა ფხაკაძემ.

გონიერი ავზის შემქმნელი მოსწავლე გამომგონებლები ხაშურის რაიონის მაცხოვრებლები არიან.

მე-9 კლასელი რეზო კაპანაძე და გიგა ბარბაქაძე, მე-11 კლასელ გიორგი მაჭარაშვილთან ერთად პროექტზე დაახლოებით ექვსი თვეა მუშაობენ.

"წყლის გაყინვის დროს ხშირია ბაკების თუ წყლის სხვა ჭურჭლის გასკდომის შემთხვევები. ამიტომ ჩვენ გამოვიგონეთ ავზი, რომელიც ტემპერატურის ნულ გრადუსზე ჩამოსვლის დროს ავტომატურად დაიცლება. შედეგად, ჩვენ თავიდან ავირიდებთ ყოველგვარ ზარალს და რიგ შემთხვევაში, მსხვერპლსაც.

ჩვენი ავზი შედგება ჰერმეტულად დაცული ჭურჭლისგან, რომელსაც შიგნით დიაფრაგმა აქვს დამაგრებული. დიაფრაგმაზე ჰაერის მიწოლით ირთვება ელექტროსარქველი და ავზი იცლება. ჩართვა კი შემდეგნაირად ხდება: ჩამრთველზე მიდებულია ღერო. ყინვის დროს ჰაერი იკუმშება და ღერო შორდება სისტემას, შედეგად ირთვება სისტემაც," - განმარტავს რეზო კაპანაძე.

ეს არის მცირედი ნაწილი იმ გომოგონებების, რომლებსაც ქართველი მოსწავლე მეცნიერები და გამომგონებლები ქმნიან. მათ განვითარებაზე აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. ყოველწლიურად იმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლებიც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

ნანა მღებრიშვილი

myquiz