უახლოეს მომავალში შესაძლოა, ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდეს | Allnews.Ge

უახლოეს მომავალში შესაძლოა, ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდეს

ადამიანისთვის თავის გადანერგვა ერთი შეხედვით, მხოლოდ სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანებშია შესაძლებელი. თუმცა, იტალიელმა ექიმმა სერჯიო კანავერომ გადაწყვიტა მსოფლიო საპირისპიროში დაერწმუნებინა.

2015 წელს კანავერომ განაცხადა, რომ თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარება უნდოდა. მაგრამ, ზურგის ტვინის ორი დაბოლოების შესაერთებლად ათასობით ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის აღდგენა იყო საჭირო. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით, თავს ქვემოთ პარალიზებულ ადამიანებს დაეხმარებოდა.

კანავერომ ამერიკელ და სამხრეთ კორეელ მეცნიერებთან ერთად, ჟურნალ Surgical Neurology International-ში პოლიეთილენგლიკოლზე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. მეცნიერებით აზრით, ამ ნივთიერების გამოყენებით გადაჭრილი ზურგის ტვინის აღდგენა სავსებით რეალურია.

სეულში მდებარე კონკუკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 16 თაგვს ზურგის ტვინი გადაუჭრა. ამ ოპერაციის შემდეგ ხერხემლის გადაჭრის ადგილას 8 თაგვს პოლიეთილენგლიკოლი შეუყვანეს, ხოლო 8 დანარჩენს (საკონტროლო ჯგუფს) - ფიზიოლოგიური ხსნარი. სტატიის ავტორთა მტკიცებით, ერთ თვეში, პირველი ჯგუფის 8 თაგვიდან ხუთმა ასე თუ ისე აღიდგინა გადაადგილების ფუნქცია, 3 თაგვი კი პარალიზებული დარჩა და დაიღუპა. საკონტროლო ჯგუფის რვავე თაგვი ასევე დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თაგვი გადარჩა, მიღებული შედეგები ძალიან შორსაა სრულყოფილებისგან. სანამ ანალოგიური ოპერაცია ადამიანს ჩაუტარდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი პროცედურა არ მოკლავს რვიდან სამ ადამიანს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თავის გადანერგვის ოპერაცია ჯერ შეუძლებელია.

ხერხემლის შეხორცება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. სამედიცინო ეთიკის სპეციალისტის არტურ კაპლანის თქმით, მას შემდეგ რაც ქირურგები ზურგის ტვინის აღდგენას ისწავლიან, კიდევ 3-4 წელიწადი გაივლის, სანამ თავის ტრაპლანტაციის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდება.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის გარდა, კანავერო მაიმუნის თავის გადანერგვის შესახებაც ყვებოდა. ამ ექსპერიმენტში ჩინელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ. მათ თავისა და ახალი ტანის სისხლძარღვოვანი სისტემების შეერთება შეძლეს, მაგრამ ხერხემალი დაზიანებული დარჩა. ტვინის უჯრედების სიკვდილის ასარიდებლად, მეცნიერებმა თავის ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაწიეს. ოპერაციის შემდეგ მაიმუნმა 20 საათი იცოცხლა. თუმცა, მოგვიანებით ის დააძინეს. ამ ექსპერიმენტების დეტალები დღემდე გამოუქვეყნებელია.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ცხოველის თავის გადანერგვის პირველი მცდელობა. მსგავს ექსპერიმენტებს შორეულ 1954 წელს, საბჭოთა ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი ვლადიმერ დემიხოვიც ატარებდა, რომელიც ორთავა ძაღლებს ქმნიდა. მაგრამ ის მხოლოდ სისხლძარღვოვან სისტემებს აერთებდა და არ ეხებოდა ხერხემალს.

კანავეროს უფრო ამბიციური გეგმები აქვს. მას მსოფლიოში პირველი თავის გადანერგვის ოპერაციის ჩატარება უნდა. მეცნიერს უკვე ჰყავს პაციენტი - რუსი ვალერი სპირიდონოვი, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცა განუკურნებელი დაავადება, სპინალური კუნთოვანი ატროფია.

ექიმის თქმით, ოპერაციის სპონსორი შესაძლოა, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გახდეს. დიდი ალბათობით, ოპერაცია ვიეტნამის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩატარდება, რომლის დირექტორის თანხმობაც უკვე მიღებულია. ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, ამ ოპერაციის წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. ფიასკო კი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს არა მხოლოდ პროექტში მონაწილე ყველა სპეციალისტს, არამედ მეცნიერების მთელ დარგსაც.

myquiz