რა არ უნდა განვათავსოთ სოციალურ ქსელებში | Allnews.Ge

რა არ უნდა განვათავსოთ სოციალურ ქსელებში

სოციალური ქსელების გავლენა ბოლო დროს ძალიან გაიზარდა, - მიიჩნევს BBC Capital-ის მიმომხილველი და საკუთარ სტატიაში ამის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი მოყავს.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ოჯახური ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, რებეკა ალვარესი ვერ წარმოიდგენდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ყველაფერს.

ორი შვილის დედამ, რომელიც ლონდონში მასმედიაში რეკლამის განთავსების კონსულტანტად მუშაობს, საკუთარი ბავშვის შიშველი ფოტო გამოაქვეყნა. "ფოტო ძალიან სასაცილო და უწყინარი იყო. - ამბობს ის. - როგორც წესი, ჩემს პოსტებს კარგი გამოხმაურება აქვს".

რამდენიმე მოწონებისა და დადებითი კომენტარის შემდეგ დაიწყო კრიტიკა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესია წაშალო ფოტო. გარშემო ძალიან ბევრი გარყვნილი ადამიანია". ამას მოყვა სხვა ნეგატიური კომენტარები, ბევრი პირადი შეტყობინება, რომლებშიც ადამიანები ფოტოს წაშლას ურჩევდნენ, მიუხედავად იმისა რომ ის მხოლოდ შეზღუდული აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი.

შემთხვევის შემდეგ რებეკა უფრო ფრთხილი გახდა. "მე გავაგრძელებ სოციალურ ქსელებში აქტიურობას, მაგრამ ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება", - ამბობს ალვარესი, რომლის თქმით, მას ძალიან გაუმართლა, რომ ამის შესახებ არ გაიგეს მისმა კოლეგებმა და უფროსობამ.

იურიდიული ფირმის Acuity Legal-ის პარტნიორი კლერ ნოულზი ყვება, რომ მის ერთ-ერთ კლიენტს ნაკლებად გაუმართლა. "ფეისბუქზე" არსებული პოსტების გამო, კინაღამ სამსახური დაკარგა.

"მან დაწერა, რომ მისი უფროსი - იდიოტი და არაპროფესიონალია.

ასეთი სიტყვები შეიძლება საჯარო შეურაცხყოფად შეფასდეს", - ამბობს ნოულზი.

"მალე ამის შესახებ უფროსმაც გაიგო, დაიწყო დისციპლინარული მოკვლევა სამსახურეობრივი დისციპლინის უხეში დარღვევის ფაქტზე".

"დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა, რომ ამ პოსტს შესაძლოა თანამშრომლის შეურაცხყოფა ან კომპანიის რეპუტაციის შელახვა მოჰყოლოდა", - ამბობს იურისტი.

ნოულზის თქმით, მის კლიენტს წერილობითი გაფრთხილება მიეცა და სამსახურის დაკარგვისგან ის მხოლოდ გულწრფელმა მონანიებამ და კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივმა სტაჟმა იხსნა.

ივლისში გაზეთი Telegraph წერდა, რომ პრინც ჯორჯის მისამართით გამოთქმული კრიტიკული პოსტის გამო ბრიტანული კავშირის თანამშრომელს, ანჟელა ჰიბინსს დისციპლინარული სასჯელი დაედო.

გამოცემა ასევე წერდა, რომ ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული, ალექს ლამბერტი სამსახურიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მან Instagram-ში დაწერა, რომ ვეგეტარიანელებს ფარულად აჭმევს ხორცს.

"ინფორმაცია, რომელსაც თანამშრომლები საკუთარ გვერდებზე ანთავსებენ, აისახება კომპანიის რეპუტაციაზე, მაშინაც კი თუ ეს თანამშრომლები სოციალურ ქსელებში ამ კომპანიის საქმიანობაზე პასუხს არ აგებენ", - ამბობს ინტერნეტში საქმიანობის საკითხებზე კონსულტაციების გამცემი ლონდონური კომპანია Silvester & Finch-ის ხელმძღვანელი კრის ლი.

myquiz