15 წლის ქართველი მოსწავლე, რომელსაც ხუთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს დაწერილი | Allnews.Ge

15 წლის ქართველი მოსწავლე, რომელსაც ხუთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს დაწერილი

ლუკა ირემაშვილი მხოლოდ 15 წლისაა და უკვე ხუთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს დაწერილი ისეთ დარგებში, როგორებიცაა კვანტური მექანიკა, პალეონტოლოგია, ფსიქოლოგია და ფილოსოფია. ამჟამად ის წიგნზე მუშაობს.

ლუკას ნაშრომები ელექტრონების ქცევას ეხება, რითაც ჯერ კიდევ თერთმეტი წლის ასაკში დაინტერესდა და ინფორმაციის მოძიება დამოუკიდებლად დაიწყო, შემდეგ საკუთარ თეორიებს თავი მოუყარა და აღმოჩენებამდეც მივიდა.

მისი აღმოჩენა ელექტრონების მიერ დროის სხვადასხვა განზომილებაში ინფორმაციის გადატანის უნარს ეხება. ლუკას თქმით, ელექტრონებს შეუძლიათ მილიარდობით წლის განმავლობაში ინფორმაცია "დაიმახსოვრონ" და დღევანდელ რეალობაშიც მოახდინონ მისი რეალიზება.

როდესაც ამ დასკვნამდე მივიდა, სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებს ჯერ არ სწავლობდა. ახლა მეათე კლასშია და მათი შესწავლა აქტიურად დაიწყო, ამაში ბაბუაც ეხმარება.

პატარა მეცნიერის დედა ამბობს, რომ ლუკა მეოთხე კლასში იყო, როდესაც კოსმოსის შესახებ შეკითხვები გაუჩნდა.

"კითხვა ისწავლა თუ არა, მაშინვე წაიკითხა ლიტერატურა კოსმოსის შესახებ. დაინტერესდა გამომგონებლებით, ჰქონდა ორიგინალური იდეები და ფიქრობდა, თვითონ რისი შექმნა შეეძლო."- ყვება მაკა ხითარიშვილი.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარსადგენად, ლუკა თავის ნაშრომებს ინგლისურ ენაზეც თარგმნის.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენებზე აქტიურად მუშაობს, ამბობს, რომ სამეცნიერო ლიტერატურის კითხვას უფრო ნაკლებ დროს ანდომებს, ვიდრე ფიქრს.

მიუხედავად ასეთი რთული საკითხებით დაინტერესებისა, ისევე ცხოვრობს, როგორც მისი თანატოლები: "დილით სკოლაში მივდივარ, გაკვეთილების შემდეგ ვისვენებ, ეზოში კალათბურთს ვთამაშობ მეგობრებთან და ძმასთან ერთად და თუ დრო დამრჩება, ჩემს ნაშრომებს განვიხილავ."

ლუკა ირემაშვილის თქმით, ყველაზე მეტს ზაფხულში მუშაობს, რადგან ბევრი თავისუფალი დრო აქვს და საინტერესო საკითხებზე დიდხანს ფიქრი და შრომების მომზადება შეუძლია. მომავალში რა პროფესიას აირჩევს, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა ყოველთვის სურდა გამომგონებელი გამხდარიყო. როგორც თვითონ აღნიშნავს, შექმნილზე გაჩერებას არ აპირებს და ახალ საკითხზე მუშაობს, რომელსაც წიგნის სახით დღის სინათლეზე მალე გამოიტანს.

პატარა მეცნიერი სკოლაში დადის, თანატოლების მსგავსად ცხოვრობს და მსოფლიო მეცნიერებაშიც საკუთარი კვალის დატოვებას აპირებს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz