"სილიკონ ველი" - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური ცენტრი | Allnews.Ge

"სილიკონ ველი" - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური ცენტრი

ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ფრედერიკ ტერმანის დახმარებით, 1939 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა რედინგტონ ჰიულენმა და დევიდ პაკარდიმ კომპანია Hewlett-Packard დაარსეს.

ყველასთვის ცნობილი კომპანია HP-ის საწყისი კაპიტალი, სულ რაღაც, 538 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, პირველი ოფისის ფუნქციას კი კალიფორნიაში, პალო-ალტოში მდებარე ჩვეულებრივი ფარეხი ასრულებდა.

დღესდღეობით კომპანიის წლიური ბრუნვა 11 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება, სუფთა შემოსავალი კი 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს იმ ერთ-ერთი კომპანიის ისტორიაა, რომელმაც კალიფორნაში, სან-ფრანცისკოს ნახევრაკუნძულის სამხრეთით, სტენფორდის უნივერსიტეტიდან სან-ფრანცისკოს ყურემდე დაიდო ბინა.

დღეს მთელ ამ ტერიტორიას "სილიკონ ველი" იკავებს - სწორედ ასე უწოდებენ ადგილს, სადაც ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის ნახევრზე მეტია თავმოყრილი.

"სილიკონ ველი" მაღალტექნოლოგიური ზონაა, სადაც მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ობიექტებია განლაგებული. მის ძირითად ამოცანას მეცნიერული იდეების პრაქტიკაში დანერგვის დროის შემცირება წარმოადგენს. "სილიკონ ველის" მსგავს ზონებს გააჩნიათ სპეციალური ინფრასტრუქტურა: შენობა-ნაგებობები, ტელეკომუნიკაცია, სპეციალური საგადასახადო და საბაჟო შეღავათები და ა.შ.

გარდა ამისა, ტექნოპარკებში არსებობს სპეციალური სტრუქტურები, რომლებიც დამწყებ კომპანიებს, მეცნიერებს, დეველოპერებსა და ინჟინრებს საკუთარი ბიზნესგეგმების განვითარებაში ეხმარებიან. "სილიკონის ველის" დედაქალაქად არაოფიციალურად ქალაქ სან-ხოსეს მოიხსენიებენ.

ამჟამად, სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც "სილიკონ ველის" უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. "სილიკონ ველის" შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

2006-2008 წლებში, აქ მცხოვრები ერთი ოჯახის წლიური შემოსავალი  საშუალოდ, 76 ათას დოლარს შეადგენდა.

"სილიკონ ველი" ისეთ წარმატებული კომპანიების სახლია, როგორიც Facebook, Google, Mozilla, Opera, Yahoo, Adobe, AMD, Apple, eBay და კიდევ ათეულობით სხვა.

რატომ მაინც და მაინც ეს ადგილი?

"სილიკონ ველის" მდებარეობა ტერიტორიაზე არსებული წამყვანი უნივერსიტეტების სიმრავლით, მხვილი ქალაქებისგან დაშორების მცირე დისტანციით, ახალი კომპანიებისთვის დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობითა და შუაზღვისპირული კლიმატითაა განპირობებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მსგავსი ობიექტები არსებობს, "სილიკონ ველი" მაინც წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრად ითვლება.

სახელი Silicon Valley კაჟისგან მიღებული ნაერთის, სილიციუმის გამო ეწოდა, რომელიც მიკროსქემებში ფუძეშრედ გამოიყენება. პირველად ეს დასახელება 1971 წლის 11 იანვარს ჟურნალისტმა დონ ჰეფლერმა სტატიების სერიის გამოქვეყნებისას გამოიყენა. სახელწოდება ფართო აუდიტორიისთვის ადრეულ 80-იანებში გახდა ცნობილი, როდესაც IBM-ის პერსონალური კომპიუტერი და მსგავსი ტექნოლოგიები მომხმარებელთა ბაზარზე გამოჩნდა.

"სილიკონ ველის" ისტორიული წარსული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს უკავშირდება

სან-ფრანცისკოს ყურის მიმდებარე ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სტრუქტურების განვითარებისა და კვლევის ძირითადი ტერიტორია იყო.

მას შემდეგ რაც აშშ-ის საზღვაო ძალებმა განვითარების პროგრამა შეაჩერა და საზღვაო ხომალდის სადგური სან დიეგოში გადავიდა, მისი ადგილი აერონავტიკის ეროვნულმა საკონსულტაციო საბჭომ დაიკავა, რომელიც ნასას წინამორბედად ითვლება. ისინი ავიაციის სფეროში პერსპექტიული კვლევებით იყვნენ დაკავებულები.

"სილიკონ ველის" განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი სტენფორდის ინდუსტრიული პარკის გახსნა გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და დღის წესრიგში დამატებითი ფინანსების მოძიების საჭიროება დადგა.

უნივერსიტეტი მიწის საკმაოდ დიდ ნაკვეთს ფლობდა - 32 კმ/კვ, თუმცა უნივერსიტეტის დამაარსებლის ლელანდ სტენფორდის ანდერძის თანახმად, მისი გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ინჟინერული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ფრედერიკ ტერმნი მიწის ხანგრძლივი პერიოდით არენდით გადაცემის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საოფისე პარკის ფუნქციას შეიძენდა.

ამის შემდეგ სასწავლო დაწესებულებას დამატებითი ფინანსური სახსრები გაუჩნდა. არენდის უფლება მაღალ-ტექნოლოგიურ კომპანიებს ჰქონდათ, რამაც მეორე გლობალური პრობლემის გადაწყვეტა გახადა შესაძლებელი, კონკრეტულად, უნივერსიტეტდამთავრებულს სამსახურის შოვნა ალმა-მატერის სიახლოვეს შეეძლო, კომპანიებმა კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პოვნის პრობლემა გადაწყვიტეს.

პირველი კომპანია, რომელიც სტენფორდის ინდუსტრიულ პარკში გადავიდა Varian Associates იყო. კომპანიამ 1951 წელს არენდის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, სულ მალე აქვე Eastman Kodak, General Electric, Shockley Semiconductor Laboratory, Lockheed, Hewlett-Packard და სხვა კომპანიების ოფისებიც გაიხსნა.

ფრედერიკ ტერმანს დღეს "სილიკონის ველის" ერთ-ერთ მამას უწოდებენ.

"სილიკონ ველიმ" სრული დატვირთვის მუშაობა ტრანზისტორული ეფექტის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო.

 1956 წელს მკვლევარებმა ამ აღმოჩენისთვის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიაც მოიპოვეს. 1955-56 წლებში არნოლდ ბეკმანის ფინანსური მარდაჭერით Shockley Semiconductor Laboratory კომპანია დაარსა.

ახალი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა წარმოების პროცესში სილიციუმის გამოყენების ტექნოლოგიის შემუშავება იყო, რომელსაც გერმანიუმი უნდა ჩაენაცვლებინა.

შოკლიმ ახალგაზრდა ნიჭიერი მკვლევარების შემოკრება შეძლო თუმცა, მართვის ავტორიტარული სტილის გამო მისი კომპანიის 8 თანამშრომელი სამსახურიდან წამოვიდა და Fairchild Semiconductor შექმნა. შოკლის კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ზარალზე მუშაობდა და საბოლოოდ გაიყიდა. თავად შოკლიმ კი სტენფორდის უნივერსიტეტში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. Fairchild Semiconductor-მა დაარსებიდან ცოტა ხანში სილიკონის ტრანზისტორების წარმოება დაიწყო.

კომპანია წარმატებული კომერციული პროექტი აღმოჩნდა და ნახევარგამტერი ელემენტებისა და ხელსაწყოების კვლევისა და განვითარების სფეროში ელექტრონიკის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ "სილიკონ ველის" მთავარი მონაპოვარი კვალიფიციური მუშახელია, რომელთა ნაწილს მიგრანტები შეადგენენ.

გართულებული სავიზო რეჟიმის გამო "სილიკონ ველიში" იმიგრანტების პროცენტული წილი შემცირდა - თუ 2005 წლამდე იმ კომპანიების პროცენტული წილი, რომლებსაც სულ მცირე ერთი დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი მიგრანტი ჰყავდა 52%-ს შეადგენდა, 2012 წელს ის 44%-მდე შემცირდა.

ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს უმეტესწილად ინოვაციები უზრუნველყოფს, რომლებიც მეცნიერულტექნიკური პროგრესისა და ეკონომიკური მოთხოვნების გაერთიანების შედეგია.

სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს მაღალტექნოლოგიური მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამისათვის შექმნილია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოები, რომელთა საქმიანობა მიმართულია ახალი კომპანიების დაარსებისა და მათი წარმატებული საქმიანობის ხელსაყრელი პირობების ხელშეწყობისათვის, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან სამუშაო ადგილებს და აწარმოებენ კონკურენტულ პროდუქციას.

 

myquiz