ყველაფერი, რაც Pokemon GO-ს შესახებ უნდა ვიცოდეთ | Allnews.Ge

ყველაფერი, რაც Pokemon GO-ს შესახებ უნდა ვიცოდეთ

რა არის Pokémon GO და როგორ დავიწყოთ თამაში?

ახალი თამაში, რომელიც გასულ კვირას iOS და Android სისტემებზე გამოუშვეს, აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ის ჯერ მიუწვდომელია.

აპლიკაცია იმავე სიუჟეტს ეფუძნება, რომელიც ორიგინალურ იაპონურ ვიდეოთამაშსა და ანიმე-სერიალშია გამოყენებული: თავგადასავლების მოყვარულები "ჯიბის მონსტრებს" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძენებ, რათა გაწვრთნან და შემდეგ სხვის მონსტრებთან პაექრობა მოაწყონ. მოთამაშეები ქუჩებში პოკემონებს ეძებენ, რომლებიც სმარტფონის ეკრანზე "დამატებით რეალობაში" ჩნდება.

როგორ მუშაობს Pokémon GO?

აპლიკაციის ჩამოტვირთვის და პერსონაჟის შექმნის შემდეგ, მომხმარებლები იღებენ წვდომას Google Maps-ის სპეციალურ, ანიმეს სტილში შესრულებულ ვერსიაზე, სადაც ქუჩებისა და მოედნების დასახელებები წაშლილია, ხოლო რეალური შენობების ანალოგები გარკვეულ პოკემონებთანაა დაკავშირებული. როდესაც მომხმარებლები რეალურ სამყაროში მოძრაობენ, აპლიკაციაში მათი პერსონაჟი იმეორებს მათ გზას და შემთხვევით პოკემონებს აწყდება. წარმატების შემთხვევაში ამ პოკემონების დაპყრობა და საკუთარ გუნდში გაწევრიანება შეიძლება.

რისთვის შევაგროვოთ პოკემონები?

მომხმარებლები რაც შეიძლება მეტ პოკემონს ეძებენ და წვრთნიან, შემდეგ მათი საშუალებით სხვა მოთამაშეებს Pokémon Gyms-ზე კონტროლისთვის ეჯიბრებიან.

Pokémon Gyms იგივე, პოკემონების "საწვრთნელი ცენტრები" - მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა განთავსებული.

ამავდროულად, ყველა მოთამაშე წევრიანდება სამიდან ერთ-ერთ გუნდში - Instinct, Mystic ან Valor. როდესაც რომელიმე მოთამაშე საწვრთნელ ცენტრზე კონტროლს ამყარებს, ეს მთელი გუნდის გლობალურ რეიტინგს ზრდის.

ამისთვის ფულის გადახდაა საჭირო?

თამაში უფასოა, მაგრამ რომელიმე იშვიათი ნივთის მისაღებად მომხმარებლები PokeStop-ში უნდა მივიდნენ. იმ მოთამაშეებს, ვისაც PokeStop-ის მოძებნა ეზარებათ, შეუძლიათ ეს იშვიათი ნივთი ინტერნეტით შეიძინონ.

რატომ ღირს ახლა Nintendo რამდენიმე მილიარდით მეტი?

ინვესტორების აზრით, Pokémon GO-ს შთამბეჭდავი დებიუტი იმაზე მიანიშნებს, რომ მილიონობით მომხმარებელი შეიძენს ვირტუალურ ნივთებს, ხოლო Pokémon GO-ში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კომპანიები დიდ თანხებს გადაიხდიან.

ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში iOS სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მფლობელები, Pokémon GO-ში დღეში 1,6 მლნ აშშ დოლარს ხარჯავენ. კიდევ ერთი ანალიტიკური კომპანია App Annie მიიჩნევს, რომ წლის განმავლობაში მოგება 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მოთამაშეები პოკემონებს საკმაოდ უცნაურ ადგილებშიც აწყდებიან. მაგალითად, პოკემონების მძებნელები უკვე დააკავეს ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, 11 სექტემბრის ტრაგედიის მემორიალთან, ჰოლოკოსტის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების ტერიტორიაზე და სხვა მსგავს ადგილებში.

myquiz