კოსმოსური აპარატი "იუნონა" იუპიტერის ორბიტაზე წარმატებით გავიდა | Allnews.Ge

კოსმოსური აპარატი "იუნონა" იუპიტერის ორბიტაზე წარმატებით გავიდა

კოსმოსური აპარატი "იუნონა" იუპიტერის ორბიტაზე წარმატებით გავიდა. აღნიშნული განცხადება აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტო-ნასამ გაავრცელა. კოსმოსური აპარატის მთავარი ამოცანა იუპიტერის კვლევაა.

ნასას ინფორმაციით, "იუნონამ" 35-წუთიანი მანევრი წარმატებით შეასრულა, რომლის დროსაც სიჩქარე შეამცირა და იუპიტერის გრავიტაციული ძალის გავლენის ქვეშ მოექცა.

მანევრის შესრულებისას მართვის ცენტრს აპარატზე მხოლოდ მარტივი სიგნალების გაგზავნა შეეძლო.

პლანეტათშორისი სადგურის ავტომატური მისიის გაგრძელება წელიწადნახევრის განმავლობაში იგეგმება. ამის შემდეგ, აპარატს თვითგანადგურების ფუნქცია ჩაერთვება და ის იუპიტერის ატმოსფეროში შევა.

"იუნონა" მეორე კოსმოსური აპარატი გახდა "გალილეოს" შემდეგ, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე გავიდა. იუპიტერამდე მისასვლელად 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აპარატს 5 წელი დასჭირდა. ის კოსმოსში 2011 წელს გაუშვეს, მას შემდეგ "იუნონამ" 3 მილიარდი კილომეტრი გაიარა.

 

იმ შემთხვევაში თუ პროექტი წარმატებით დასრულდება, მკვლევარებს იუპიტერის ღრუბლებს მიღმა პლანეტის დანახვა, მისი და მთლიანი მზის სისტემის შესახებ ბევრი სიახლის გაგების შესაძლებლობა მიეცემათ. კონკრეტულად მეცნიერები იმედოვნებენ, გაიგონ შეესაბამება თუ არა სიმართლეს ცნობა, რომ იუპიტერს მყარი ბირთვი აქვს.

• იუპიტერის საშუალო დიამეტრი დედამიწის დიამეტრს 11-ჯერ აღემატება, ამასთანავე, მისი მასა 317-ჯერ მეტია ჩვენი პლანეტის მასაზე.

• მზის ირგვლივ შემობრუნების პერიოდი 12 წელს უტოლდება, ერთი დღე კი 10 საათს გრძელდება.

myquiz