კაცობრიობის გაქრობის სამი ვერსია სტივენ ჰოკინგის მიხედვით | Allnews.Ge

კაცობრიობის გაქრობის სამი ვერსია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი ცნობილია შავი ხვრელისა და გრავიტაციის შესახებ საკუთარი თეორიებით. თუმცა, საზოგადოების ყურადღებას, ყველაზე მეტად, კაცობრიობის გაქრობის მისეული ხედვა იპყრობს.

ჰოკინგის განმარტებით, დედამიწიდან ადამიანის გაქრობა წარმოუდგენელი სულაც არ არის. ასტროფიზიკოსის ვერსიით ამის სულ მცირე სამი მიზეზი არსებობს:

ერთ-ერთი მათგანი ხელოვნური ინტელექტის შექმნაა.

ჰოკინგი იმ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნა კაცობრიობის არსებობას საფრთხეს უქმნის.

 ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა, კაცობრიობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს - ამის შესახებ სტივენ ჰოკინგმა "ბიბისი"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჰოკინგის მოსაზრებას კანადელ-ამერიკელი გამომგონებელი ელონ მასკიც ეთანხმება და ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის არსებობის ყველაზე დიდ საფრთხედ მოიხსენიებს.

ჰოკინგისა და მასკის მოსაზრებას ყველა მეცნიერი არ იზიარებს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანს არ შეუძლია მის გონებასა და შესაძლებლობებთან მაქსიმალურად დაახლოებული ხელოვნური ინტელექტის შექმნა.

ჩვენ ათწლეულები გვჭირდება, რათა მსგავს საკითხებზე ნერვიულობა რელევანტური გახდეს, თუმცა კარგია, რომ ამაზე საუბარი დღეს უკვე მიმდინარეობს - თქვა ბრიტანელმა მეცნიერმა დემის ჰასაბისმა.

მასშტაბური ომი

მანქანები თუ არა, საკუთარ თავს ჩვენვე გავანადგურებთ - ყოველ შემთხვევაში, ამაში ჰოკინგია დარწმუნებული.

როდესაც მეცნიერებმა ჰკითხეს ადამიანთა რომელი ნაკლის შეცვლას ისურვებდა იგი ყველაზე მეტად, ჰოკინგმა უპასუხა:

ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტე აგრესიისადმი მიდრეკილებაა,

ერთ დროს, კაცობრიობის ფორმირების საწყისებთან, ამ ბიოლოგიურ მექანიზმს ჩვენთვის სარგებელი მოჰქონდა. აგრესია გვეხმარებოდა მიგვეღო მეტი საზრდო, ტერიტორია ან ცხოვრების პარტნიორი შთამომავლობის გასაგრძელებლად.

მაგრამ ახლა ეს თვისება ყველა ჩვენგანს მოკვლით ემუქრება. ამის დასტურად შეიძლება ითქვას, რომ ბირთვულ ომს მარტივად შეუძლია გაანადგუროს ცივილიზაცია და მთლიანად კაცობრიობა.

კითხვაზე, ხასიათის რა თვისება აკლია ადამიანს დღეს - ჰოკინგმა ემპათია დაასახელა - უნარი თანაუგრძნო სხვას.

ამერიკელი მეცნიერის მოსაზრებით კოსმოსის ათვისება ადამიანის გადარჩენის წინაპირობაა.

"სხვა პლანეტების კოლონიზება აუცილებელია, რათა დედამიწაზე შექმნილი შეუქცევადი საფრთხის შემთხვევაში ალტერნატიული გზა არსებობდეს"- დარწმუნებულია ჰოკინგი.

უცხოპლანეტელები

2010 წელს სტივენ ჰოკინგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ სხვა პლანეტაზე ცხოვრება არსებობს, ის სავარაუდოდ, ადამიანთა მიმართ მეგობრული და შემწყნარებელი არ იქნება.

"თუ ისინი ოდესმე ჩამოფრინდებიან, დედამიწელები ინდიელების მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც ამერიკაში ქრისტეფორე კოლუმბი ჩავიდა"- თქვა მეცნიერმა Discovery Channel-ზე თავის შოუში.

"არსებობს ალბათობა, უცხოპლანეტელები, მომთაბარეები აღმოჩნდნენ, რომლებიც ყველა შემხვედრ პლანეტაზე საკუთარ კოლონიას ქმნიან და ყველა პლანეტა კოსმოსური ხომალდების მშენებლობისთვის ახალი მატერიების საბადო გახდეს"- ივარაუდა სტივენ ჰოკინგმა.

myquiz