ბრიტანელი მედიკოსები მიკროინსულტის დროს ადამიანებს ასპირინის დალევას ურჩევენ | Allnews.Ge

ბრიტანელი მედიკოსები მიკროინსულტის დროს ადამიანებს ასპირინის დალევას ურჩევენ

ბრიტანელი მედიკოსების რეკომენდაციით, ადამიანებმა, რომლებმაც მიკროინსულტი გადაიტანეს, დაუყონებლივ უნდა დაიწყონ ასპირინის მიღება.

ეს ინსულტის გამეორების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ბრიტანულ ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან წერენ, რომ ასპირინის მიღების პრაქტიკა დღეს სათანადოდ დაფასებული არ არის.

მიკროინსტულტი ადამიანებს თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლის გამო ემართებათ. მას შესაძლოა მოჰყვეს სახის, ზედა ან ქვედა კიდურების დაბუჟება, მეტყველების მოშლა, თავბრუ, მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა და სხვა.

მიკროინსულტიდან პირველ დღეებში, ინსულტის გამეორების მაღალი რისკი არსებობს, რომელიც ორგანიზმისთვის გაცილებით უფრო მძიმე შედეგებს იწვევს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ასპირინს მსგავსი საფრთხეების აცილება შეუძლია, რადგან თრომბების წარმოქმნის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ასპირინის რეგულარული მიღება კიბოს რისკებს ამცირებს

თუმცა, ახლახან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე დიდი სარგებელი ასპირინს მიკროინსულტიდან პირველ საათებში მოაქვს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა შეფასებით, ადრინდელ სტადიაზე ასპირინის მიღება ხუთჯერ ამცირებს ინსტულტის რისკს.

"ჩვენი რეკომენდაციით, ადამიანებმა, რომლებსაც მიკროინსულტი გადაიტანეს, დაუყონებლივ უნდა დალიონ ასპირინი და მიმართონ ექიმს", - ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი პიტერ როტუელი.

ბრიტანელმა მედიკოსებმა შეისწავლეს 15 კლინიკური გამოკვლევის შედეგები, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ასპირინს როგორც ინსულტის შემდეგ, ისე ხანგრძლივად, განმეორებითი შეტევების პრევენციისთვის იღებდა.

ექიმი დეიდ უები საქველმოქმედო ორგანიზაციიდან "ინსულტის ასოციაცია" ამბობს, რომ კვლევის დადებითი შედეგების მიუხედავად, ექიმის მიმართვა აუცილებელია.

"მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ასპირინის მიღება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების ალტერნატივა არ არის.

თუ ადამიანს ეჭვი აქვს, რომ ინსულტი გადაიტანა, დაუყონებლივ უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარების სამსახურს. ამასთანავე, კვლევა მიუთითებს რომ, თუ პაციენტი გრძნობს მიკონსულტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, მაგრამ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, ამ შემთხვევაში ასპირინი უნდა დალიოს", - ამბობს ექიმი დეიდ უები.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ტონი რადი აღნიშნავს, რომ ოქსფორდის მეცნიერთა კვლევა ძალზე მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს, თუმცა ექიმებისთვის ახალი რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე საჭიროა ამ მონაცემების დეტალური შესწავლა.

ინსულტის მკურნალობაზე ახალი რეკომენდაციები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

 

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით.

myquiz