მეცნიერები მკვდარი თავის ტვინის რეგენერაციაზე იმუშავებენ | Allnews.Ge

მეცნიერები მკვდარი თავის ტვინის რეგენერაციაზე იმუშავებენ

აშშ-ისა და ინდოეთის ხელისუფლებამ, ორ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას, ადამიანის ტვინის რეგენერაციის შესაძლებლობების შესწავლის უფლება მისცა.

საუბარია ამერიკულ Bioquark Inc-სა და ინდურ Revita Life Sciences-ზე.

კვლევისთვის 20 ადამიანი შეირჩევა, რომელთაც თავის ტვინის სიკვდილი ექნებათ დადგენილი.

პაციენტების თავის ტვინში შეიყვანენ ღეროვან უჯრედებსა და ნეიროპეპტიდებს, ასევე გამოიყენებენ ზედა კიდურების ელექტრონეიროსტიმულირებასა და ტრანსკრანიალურ ლაზერულ თერაპიას.

აღნიშნული მეთოდები ეფექტურად გამოიყენება კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, პაციენტები ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ თავის ტვინის სიკვდილი სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტაა. რა დროსაც, გარე დახმარების გარეშე ბიოლოგიური სიკვდილი დგება.

მიუხედავად ამისა, ასეთი პაციენტების ორგანიზმში შესაძლებელია არამხოლოდ სისხლმიმოქცევის ხელოვნური გზით უზრუნველყოფა, არამედ სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაც, მაგალითად საჭმლის მონელება ან ქსოვილების ზრდა და რეგენერაცია.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის მქონე პაციენტების ტვინში სუსტი ელექტოსიგნალები და სისხლმიმოქცევა ფიქსირდება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.

როგორც ცნობილია, ცხოველთა სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენელს, მაგალითად სალამანდრას შეუძლია, მომაკვდინებელი ტრავმის მიღების შემთხვევაში, ტვინის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და რეგენერაცია მოახდინოს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროცესის ჩაშვებას ადამიანის ტვინშიც შეძლებენ და აღნიშნული კვლევები დაეხმარებათ, უკეთ შეისწავლონ ტვინის ფუნქციონირება.

როგორც Bioquark Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი პროფესორი აირა პასტორი ამბობს, ეს არის პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაში, თუ რა არის ადამიანის სიკვდილი.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით.

myquiz