მთლიანად 3D-პრინტერით დაბეჭდილი პირველი შენობა | Allnews.Ge

მთლიანად 3D-პრინტერით დაბეჭდილი პირველი შენობა

პირველად მსოფლიოში, გაერთიანებულ არაბულ საემიროებში ააგეს შენობა, რომელიც უზარმაზარი 3D-პრინტერით დაიბეჭდა.

როგორც წესი, 3D-პრინტერები ფართოდ გამოიყენება მრეწველობასა და დიზაინში. დღემდე, 3D-პრინტერის საშუალებით იბეჭდებოდა მცირე ზომის ნივთები, რადგან უფრო დიდი ზომის ობიექტების დაბეჭდვა უზარმაზარ თანხებს მოითხოვს.

თუმცა, გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, როგორც ცნობილია, ფინანსური რესურსების დეფიციტის პრობლემა არ არსებობს. სწორედ ამიტომ ქვეყანა 3D-პრინტერის შესაძლებლობებს გაცილებით უფრო მასშტაბურად მიუდგა.

24 მაისს, საემიროების პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მერმა, შეიხ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაკუმმა ოფიციალურად გახსნა ოფისი, რომელიც, როგორც მან განაცხადა, მსოფლიოში 3D-პრინტერით დაბეჭდილი პირველი შენობაა.

"მომავლის ოფისი" - ასე ეწოდება ფუტურისტული ფორმის ერთსართულიანი ნაგებობების კომპლექსს, რომელიც 250 კვადრატულ მეტრზე განთავსდა.

როგორც ცნობილია, კონსტრუქციის დასაბეჭდად სპეციალური პრინტერი გამოიყენეს, რომლის სიმაღლე 6, სიგრძე 37, სიგანე კი 12 მეტრია, ხოლო საშენ მასალად ცემენტისა და სამშენებლო მასალებისგან შემდგარი კონსისტენცია, რომელიც საემიროებსა და აშშ-ში სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნეს.

საოფისე კომპლექსი 17 დღეში დაბეჭდეს, პროექტის ღირებულებამ 140 000 აშშ დოლარი შეადგინა.

გაერთიანებული არაბული საემიროების ხელისუფლებას 3D-პრინტერის გამოყენების საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. მონარქიას სურს, რომ 2030 წლისთვის დუბაი

3D-ბეჭდვის მსოფლიო ცენტრი გახდეს.

ხელისუფლების გეგმით, 15 წელიწადში დუბაიში შენობების ¼ სწორედ ამ ტექნოლოგიით უნდა იყოს აშენებული.

myquiz