ვირტუალური რეალობით პარანოიის მკურნალობაა შესაძლებელი | Allnews.Ge

ვირტუალური რეალობით პარანოიის მკურნალობაა შესაძლებელი

ზოგიერთი ფსიქიკური დაავადება შესაძლოა ვირტუალური რეალობის საშუალებით განიკურნოს, ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნა.

ვირტუალური რეალობის დახმარებით, ექიმებმა აჩვენეს პაციენტებს, რომ მათი შიში სინამდვილეში უსაფუძვლოა. მეცნიერთა მოსაზრებით, ეს კარგი მეთოდია პარანოიის სამკურნალოდ, რომლითაც დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 1-2%-ია დაავადებული.

 The British Journal of Psychiatry-ში აღწერილ კვლევაში პარანოით დაავადებული 30 ადამიანი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ადამიანები მაღალი უნდობლობით გამოირჩევიან, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გარშემო მყოფი ადამიანები ცდილობენ მათ რაიმე დაუშავონ.

ბევრი მათგანი ამის გამო, სოციალურ კონტაქტებს ზღუდავს, კომუნიკაციას წყვეტს და ადამიანს თვალებში არ უყურებს, რაც იზოლაციასა და მუდმივ სტრესს იწვევს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა ორ სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში ისინი ლიფტში, მეორე შემთხვევაში კი მეტროში იმყოფებოდნენ.

მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფი კომუნიკაციისგან თავს იკავებდა. მეორე ჯგუფის მონაწილეები კი, პირიქით, დიდი ხნის განმავლობაში უყურებდნენ ვირტუალური რეალობის ავატარებს თვალებში  ან უახლოვდებოდნენ მათ.

ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის პაციენტთა ნახევარზე მეტს მძიმე პარანოის სიმპტომები გაუქრა.

ოქსფორდის მეცნიერთა მოსაზრებით, ვირტუალური რეალობა ამ დაავადების ეფექტური მკურნალობის მეთოდი გახდება, რადგან პაციენტებს პარანოის სიმპტომები ექსპერიმენტიდან 30 წუთში გაუქრა.

თუმცა, თავად მონაწილეებმა კვლევა მძიმედ გადაიტანეს, რადგან საკუთარ შიშებთან მოუწიათ ბრძოლა.

 

წყარო: Paranoia 'reduced with virtual reality'

myquiz