როგორი იქნება მომავალი: ფანტასტიკიდან ბიოტექნოლოგიებამდე | Allnews.Ge

როგორი იქნება მომავალი: ფანტასტიკიდან ბიოტექნოლოგიებამდე

მარსზე გასეირნება ან საკუთარ დნმ-ში ცვლილებების შეტანა ისეთივე მარტივი გახდება, როგორც ყავის დალევა.

მთავარი კითხვაა, როდის?

მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ტექნოლოგიებზე, რომლის საშუალებითაც კაცობრიობა ყველა დაავადების დამარცხებას შეძლებს

გასეირნება მარსზე

მარსი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ "წითელი წერტილი ცაზე". დღეს ამ პლანეტასთან დაფრინავენ ზონდები, იღებენ ნიადაგის სინჯებს და სელფებს.

ამერიკელ ინჟინერ ელონ მასკს ამბიციური გეგმები აქვს: იგი ამბობს, რომ მარსთან მართვად ფრენას განახორციელებს და წითელ პლანეტაზე კოლონიას დააფუძნებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის განხორციელება უახლოეს წლებში მოსალოდნელი არ არის, ბიოტექნოლოგები უკვე დღეს ემზადებიან, რათა კოსმოსურ მიგრანტებს ცხოვრება გაუმარტივონ.

მთავარი ამოცანა შეუფერხებელი სუნთქვის უზრუნველყოფაა.

მარსზე ჟანგბადის ოდენობა მხოლოდ 0,2%-ს შეადგენს, რაც 100-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე.

ბიოტექნოლოგები ამ პრობლემის მოგვარებას სპეციალური ნიღბის საშუალებით აპირებენ, რომელიც ნახშირბადს ჟანგბადად გადააქცევს. 100 გრამიანი ნიღაბი მარსზე გადასახლებულ ადამიანს მზისგან, აეროზოლისა და მარსზე არსებული გამანადგურებელი ძალის ქარებისგან დაიცავს.

ხელოვნური ექიმი

თუმცა, სანამ მარსზე გადავსახლდებით, დედამიწაზე უამრავი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. დაბინძურებული ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებები ადამიანისთვის სულ უფრო საშიში ხდება. მომავლის ტექნოლოგიები საშუალებას მოგვცემს, დაავადება საწყის ეტაპზე აღვკვეთოთ და სპეციალური მოწყობილობების საშუალებით მისი პრევენცია მოვახდინოთ.

ასეთი სისტემაზე მეცნიერები უკვე მუშაობენ.

ხელოვნური ნეირონული ქსელებისგან შემდგარი სისტემა ტვინის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, სადაც ნერვიული უჯრედების ნაცვლად, მარტივი პროცესორები მუშაობენ. ეს პროცესორები ნებისმიერი ობიექტის, მათ შორის ადამიანის მომავალი მდგომაროების ამოცნობას შეძლებენ.

სისტემა შემდეგნაირად არის მოწყობილი: გროვდება პაციენტის ბიომეტრიული და ელექტროკარდიოგრაფიის მონაცემები, ასევე, ინფორმაცია სიმაღლის, წონისა და ასაკის შესახებ. სპეციალური პროგრამა ამ მონაცემებს აანალიზებს და ადგენს შესაძლებელი დაავადების განვითარების რისკს, გამწვავების ეტაპის პირობებსა და ვადებს, ასევე იძლევა რეკომენდაციებს.

დონაცია საქართველოში - რა ღირს და რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მომავალში აღნიშნული სისტემები ექიმებს ჩაანაცვლებენ. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი პროგრამის საშუალებით, ჩვენი საუკუნის მთავარი დაავადების -კიბოს პრევენციას, განვითარებამდე 10 წლით ადრე შევძლებთ.

დიაგნოსტიკა პიჟამოში

ბიოტექნოლოგების მოსაზრებით, მომავალში ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, უამრავი სენსორით აღჭურვილი უნივერსალური კოსტუმი გააკონტროლებს.

მამაკაცებისთვის ეს იქნება ზოლიანი პიჟამო, ქალებისთვის კი - კომბინეზონი. "ჭკვიანი" ტანსაცმელი დააგროვებს ინფორმაციას თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე და გადააგზავნის სპეციალურ სერვერზე, რომელიც თქვენს სახლში განთავსდება.

პროექტის თანახმად, ძილის დროს თქვენი პიჟამო ქსოვილების სკანირებას განახორციელებს და ყველა უჯრედს შეისწავლის.

სერვერი გადაცემულ ინფორმაციას დაამუშავებს, გაანალიზებს ათასობით გენის, მილიონობით ცილისა და ტრილიონობით უჯრედის მდგომარეობას. ასეთ მოწყობილობას, თქვენს ორგანიზმში არსებული არც ერთი პოტენციური პრობლემა არ გამოეპარება.

სისტემა ორგანიზმის კორექტირების საშუალებასაც იძლევა. მაგალითად, თუ ადამიანს ცალკეული უჯრედების აღდგენა დასჭირდა, ის საავადმყოფოს ნაცვლად აბაზანაში შევა.

ცირკულარული შხაპის საშუალებით, ადამიანის კანზე მოხვდება ჰიდროდინამიკური ინიექციები, რომელიც კანის ღრმა ფენამდე საჭირო ცილების მიტანას უზრუნველყოფს.

ეს ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ ჭკვიანი პიჟამოს პროტოტიპი უკვე შექმნილია, თუმცა, ჯერჯერობით მის სენსორებს წვდომა მხოლოდ კანის ზედაპირთან აქვს.

მარად ახალგაზრდა ორგანოები

დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის შენარჩუნების ეფექტური მეთოდია, მაგრამ მომავალში, თუ ორგანოების შეცვლის პროცედურა გამარტივდა, მკურნალობის ეს მეთოდი საჭირო აღარ იქნება.

მომავალი რეგენერატიულ მედიცინას ეკუთვნის.

თანამედროვე მეცნიერებამ უკვე დაადგინა, რომ ორგანოების ხელოვნური გზით შექმნა ღეროვანი უჯრედების საშუალებით შეიძლება, შეიქმნა 3D ბიოპრინტინგიც. მაგრამ ახალი ორგანოს შექმნამდე საჭიროა შესწავლა, რამდენად უსაფრთო იქნება ის ადამიანის ორგანიზმისთვის.

ბიოტექნოლოგები გვთავაზობენ უსაფრთხოების საკუთარ მოდელს: ეს არის ნანოპლაზმური მოწყობილობა, რომელსაც ნებისმიერი ნივთიერების შესწავლა ნანოდონეზე შეუძლია. მეცნიერები 3D ბიოპრინტერის საშუალებით, შექმნილი ორგანოს მდგომარეობისა და თითოეული უჯრედის შესწავლას სწორედ ნანოპლაზმური სენსორის საშუალებით შეძლებენ.

ჩიპი სხეულში

საინფორმაციო ტექნოლოგიები თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. დიაგნოსტიკის უკონტაქტო მეთოდები, პათოლოგიების კომპიუტერული მოდელი, რეაქციების მოდელირება ამა თუ იმ პრეპარატზე - ეს არასრული სიაა იმ ინოვაციების, რომელიც კაცობრიობას მედიცინის სფეროში ელოდება.

მოვა დრო, როცა ცოცხალი ქსოვილი და ელექტრონიკა ერთიან სხეულად გადაიქცევა, სხეულის მართვა კი ტექნიკის საქმე გახდება.

მაგალითად, ჩვენ შევძლებთ ტკივილის "გათიშვას", გულის აწყობას, ონლაინ რეჟიმში ორგანოების "რემონტს", ან ადამიანების გაუმჯობესებას სიტყვის სრული მნიშვნელობით.

მომავლის მედიცინაში ჩიპები და გაჯეტები სათანადო ადგილს დაიკავებენ. ამ მოწყობილობების გამოყენებას შევძლებთ ორგანოებსა და ქსოვილებში ჩანერგვით.

გაჯეტები იმდენად მცირე ზომის იქნება, რომ ჩვენს ორგანიზმში "მოგზაურობას" შეუფერხებლად შეძლებენ.

გული, ფილტვები ან კუჭი აღჭურვილი იქნება უკაბელო სენსორებით, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას დააგროვებენ. ასეთი ტექნოლოგიები პაციენტის ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამრტივებს და საშუალებას მოგვცემს, მძიმე პათოლოგიის მიზეზი მარტივად ვიპოვოთ.

რთულია დავიჯეროთ, რომ ამ სტატიაში აღწერილი პროექტები "სიცოცხლისუნარიანია", მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ 50 წლის წინ უკაბელო ტელეფონების, ხელოვნური ინტელექტისა და თვითმართვადი ავტომობილების მხოლოდ ფუტუროლოგებს სჯეროდათ.

დღეს კი, ამ ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომ, არ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ათწლეულში ჩვენ სენსორებით აღჭურვილ პიჟამოებით დავიძინებთ, შვებულებას კი სხვა პლანეტაზე გავატარებთ.

მომზადებულია hi-news-ის მიხედვით

myquiz