ქართველი ასტროფოტოგრაფების თვალით დანახული სამყარო | Allnews.Ge

ქართველი ასტროფოტოგრაფების თვალით დანახული სამყარო

ასტროფოტოგრაგია - ზოგისთვის მეცნიერებაა, ზოგისთვის კი ხელოვნების ერთ-ერთი ფორმა.

პირველი ასტრონომიული ობიექტის - მთვარის ფოტო 1840 წელს გადაიღეს. შემდეგ ამას მოჰყვა ტექნოლოგიების განვითარება, რამაც ვარსკვლავებისთვის უფრო დეტალური ფოტოების გადაღება  გახადა შესაძლებელი.

დღეს ფოტოგრაფიის ეს სახეობა განვითარებული და მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებულია. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.

ასტროფოტოგრაფიის დახმარებით ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა დაინახონ შორს მდებარე პლანეტები, გალაქტიკები, მკრთალი ნათების ვარსკვლავები და ნისლეულიც კი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

თუმცა, მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, ასტრონომიული ობიექტების და ღამის ცის გადაღების პროცესი ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია.

რადგან ერთი ციური სხეულის დასაფიქსირებლად საჭიროა, რაც შეიძლება მეტი და დიდხნიანი სურათების გადაღება, რათა კამერამ ვარსკვლავის სიკაშკაშე უფრო კარგად აღიქვას.

ფოტოაპარტის სენსორმა დიდი ხნის განმავლობაში უნდა მოაგროვოს საჭირო სინათლე, რომელსაც თვალი ვერ აღიქვამს, რათა ის ჩამქარლი ობიექტები, რომლებსაც ჩვენი თვალი ვერ ხედავს სურათზე აღიბეჭდოს.

რაც შეეხება ქართველ ასტროფოტოგრაფებს მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და ვთხოვეთ გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები ასტროფოტოგრაფიასთან დაკავშირებით:

ლევან ვერძეული - "ღამის ცას რამდენიმე წელია ვიღებ. პირველად მთაში ლაშქრობისას მივუშვირე ფოტოაპარატი ღამის ცას და მაშინვე გამიტაცა.

ძირითადად "ირმის ნახტომის" სურათებს ვიღებდი ბოლო დრომდე. ერთი წელია შორეული კოსმოსის ობიექტების (Deep Space Objects) გადაღებაც დავიწყე Geo Astro-სთან ერთად.

ყოველი ღამე ჩემთვის კოსმოსის გადაღებასთან ასოცირდება. ასტროფოტოგრაფიაში ყველაზე მეტად იმის გააზრება მხიბლავს, რომ მილიონობით სინათლის წლის მანძილზე მყოფ ობიექტებს ვაკვირდებით, რითაც პრაქტიკულად წარსულს ვუყურებთ".

ტბელ აბუსერიძე - "ასტრონომია ღრმა ბავშვობიდან მიტაცებდა, გამომდინარე იქედან, რომ მიყვარდა ცაზე და ვარსკვლავებზე დაკვირვება. ყველა ჩემი ბავშვური კითხვა მთვარეს, ვარსკვლავებს და მზეს ეხებოდა.

მოგვიანებით, სურვილი მესწავლა, ან მეყურებინა ცისთვის ცოტა შესუსტდა.

როცა პირველ კურსს ვასრულებდი, ტელესკოპი ვიყიდე, დავიწყე დაკვირვება ცაზე.

მერე დავუკავშირდი დავით დვალს, როცა გავიგე რომ არსებობდა ვიღაც, ვინც იღებდა ღრმა ციური სხეულების ფოტოებს.

მას შემდეგ აქტიურად ვსწავლობ ამ სფეროს, ჩემი სხვა მეგობრები და ჯგუფის წევრები, ლევან ვერძეული და ლაშა ებიტაშვილი მასწავლიან ფოტოგრაფიას, და ჩვენ ყველა ერთად ვსწავლობთ ასტროფოტოგრაფიას.

St. John's College-ში სასწავლებლად მივდივარ თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე, იქ ობსერვატორიაში ვიმუშავებ და იქედან გაგრძელდება ჩემი და კოსმოსის ურთიერთობა".

მინდია ჩარქსელიანი - "ჩემი პირველი წარმატებული ფოტო ამ მიმართულებით, გადაღებულია ჩემს სოფელში, უშგულში. ეს ფოტო საინტერესოა იმითაც, რომ გადაღებულია სამოყვარულო ფოტოაპარატით. 

ჩემის აზრით, პრაქტიკა ფოტოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელია. ეს ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყოველი გადაღება სიახლის გაგების საშუალებას მაძლევს. თან მიყვარს ღამის ცის ყურება".

ლიკა ჭიღლაძე

Space images captured by Georgian astrophotographers

myquiz