მარსზე და მთვარეზე პომიდორს მოიყვანენ | Allnews.Ge

მარსზე და მთვარეზე პომიდორს მოიყვანენ

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტიდან, ბოსტნეულის მდიდარი მოსავალი აიღეს. ერთი შეხედვით, ეს სრულიად უმნიშვნელო და უინტერესო მოვლენაა, რომ არა ერთი დეტალი:

მოსავალი ისეთ ნიადაგზეა მოყვანილი, რომელიც მთვარისა და მარსის ნიადაგის იდენტურია.

ეს კი ნიშნავს, რომ ამ ორ პლანეტაზე კოლონიის შექმნის შემთხვევაში ადამიანი შიმშილით არ მოკვდება.

ჰოლანდიელი მეცნიერების მიღებული შედეგები არის მასშტაბური ექსპერიმენტის პირველი ეტაპი, რომლის მიზანიც სხვა პლანეტებზე სოფლის მეურნების პოტენციური განვითარების შესწავლაა.

ნახევარი წლის წინ, მათ მარსისა და მთვარის ნიადაგზე ბოსტნეულისა და მარცვლეულის ათი სახეობა, მათ შრის პომიდორი, ჭვავი, ბოლოკი, ბარდა, ისპანახი, მწვანე ხახვი და სალათის ორი სახეობა დათესეს. 6 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ "უცხოპლანეტური" მოსავლის გარეგნული იერსახე დედამიწის ნიადაგზე მოყვანილი მოსავლისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ზემოთ ნახსენები, ექსპერიმენტისთვის საჭირო ნიადაგი NASA-ს ლაბორატორიაში შექმნეს, მასალად კი ჰავაის ვულკანისა და არიზონის უდაბნოს მიწის ნიმუშები აიღეს.

რაც შეეხება მოსავალს, იგი სპეციალურ სათბურებში მოიყვანეს, სადაც ტენიანობის, განათებისა და ტემპერატურის დონეს მუდმივად აკონტროლებდნენ.

ექსპერიმენტის ფარგლებში ბიოლოგებმა ორგანული და არაორგანული სასუქისგან შემდგარი სპეციალური კოქტეილი შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა სხვა პლანეტების "მიწა" უფრო ნოყიერი გახადოს.

პრობლემა ჯერჯერობით იმაშია, რომ ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე მოყვანილი მოსავალი გამოსაყენებლად უვარგისია, რადგან მძიმე მეტალებისა და რკინის დიდ კონცენტრაციას შეიცავს.

უკვე მომავალ თვეში, ჰოლანდიელი მეცნიერები ექსპერიმენტის ახალ ეტაპზე გადავლენ, რა დროსაც ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან.

თუ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, შემოდგომაზე მეცნიერები საზეიმო ვახშამს გამართავენ, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ მარსისა და მთვარის პროდუქტები დააგემოვნონ.

მომზადებულია nat-geo-ს მიხედვით.

myquiz