ახალი ეპოქის დასაწყისი ასტრონომიაში - აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები არსებობს | Allnews.Ge

ახალი ეპოქის დასაწყისი ასტრონომიაში - აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები არსებობს

მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-დან სენსაციური განცხადება გააკეთა. პირველად, ლაბორატორიულ პირობებში დადასტურდა, რომ 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყეველები გრავიტაციული ტალღები არსებობს.

გრავიტაციულ ტალღებს აქტიურად ეძებდნენ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. 1992 წელს აშშ-ში დაიწყო პროექტი სახელწოდებით LIGO (Laser Interferometer Gravitational Wave Observatory), რომლის ღირებულება, დღევანდელი მონაცემებით, ერთ მილიარდ აშშ დოლარს უდრის.

პროექტის ფარგლებში, ლუიზიანას შტატსა და ვაშინგტონში ორი უზარმაზარი დეტექტორ-ობსერვატორია აშენდა, რომელიც კოსმოსიდან მიღებულ სიგნალებს აანალიზებდა. პროექტში ჩართული იყო ათასამდე მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენად, მეცნიერები გიგანტურ გრავიტაციულ ტელესკოპებს იყენებდნენ. 2015 წლის 14 სექტემბერს მოხდა მოვლენა, რომელიც უკვე შეფასდა XXI საუკუნის სენსაციურ აღმოჩენად - გრავიტაციული ტალღები ჯერ ერთმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, 7 მილიწამში კი - მეორემ.

რა მოხდა 1,2 მილიარდი წლის წინ?

LIGO - ს ტელესკოპებით, კოსმოსიდან მიღებული სიგნალის მიხედვით დადასტურდა,რომ  დაახლოებით 1,2 მილიარდი წლის წინ, შორეულ გალაქტიკაში ორი უზარმაზარი შავი ხვრელი ერთმანეთის გარშემო ბრუნავდა.

პირველი ხვრელის მასა 36 მზის მასას უდრიდა, მეორე ხვრელის კი - 29-ის. მილიონობით წლის შემდეგ შავი ხვრელები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთ დიდ შავ ხვრელად იქცნენ.

შეჯახების დროს ყველა მიმართულებით, გრავიტაციულმა ტალღებმა სინათლის სიჩქარით დაიწყეს გავრცელება, დედამიწამდე კი სიგნალმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, თანავარსკვლავედ მაგელანის ღრუბლის მხრიდან მოაღწია.

ალბერტ აინშტაინი მართალი იყო

აღმოჩენამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

"ალბერტ აინშტაინი ბედნიერი იქნებოდა"

, - ამბობს "LIGO"-ს წარმომადგენელი გაბრიელა გონსალეზი.

XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მეცნიერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, თანამედროვე თეორიული ფიზიკის დამაარსებელმა ალბერტ აინშტაინმა 1915 წელს ფარდობითობის ზოგადი თეორია წარადგინა.

თეორიის თანახმად, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც აჩქარებით მოძრაობს, იწვევს სივრცე-დროის სიმრუდეს, ანუ გრავიტაციულ ტალღებს. რაც უფრო დიდია ობიექტის მასა და აჩქარება, მით უფრო დიდია დრო-სივრცის დეფორმაცია.

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ექსპერიმენტალურად დადასტურებას მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად გახდა შესაძლებელი.

გრავიტაციული ტალღები და კოსმოსის შესწავლის მომავალი

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა უკვე შეფასდა ახალი ეპოქის დაწყებად ასტრონომიაში და მთლიანად, მეცნიერებაში.

როგორც მეცნიერები ამბობენ, გრავიტაციულ ტალღებს "დამახსოვრებული" აქვთ ის საოცარი და საიდუმლოებით მოცული მოვლენები, რომელიც სამყაროში მილიარდობით წლის წინ ხდებოდა. ანუ ყველა გრავიტაციული ტალღა, რომელსაც მეცნიერები მომავალში დააფიქსირებენ, უფრო მეტს მოგვიყვება იმაზე, თუ როგორ დაიბადა ჩვენი სამყარო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ტალღების საშუალებით შეძლებენ ახალი კოსმოსური ობიექტების აღმოჩენასაც, რასაც ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე მთლიანად შეცვლის.

myquiz