10 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში უნიკალურ კვლევებში მონაწილეობენ | Allnews.Ge

10 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში უნიკალურ კვლევებში მონაწილეობენ

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში უამრავი ქართველი მეცნიერი საქმიანობს. საქართველომ ბევრის სახელი და გვარი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ქვეყანას მათი ინტელექტუალური თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება დასჭირდა.

წარმოგიდგენთ 10 ქართველ მეცნიერს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილნი არიან და მნიშვნელოვან პროექტებშიც მონაწილეობენ:

გიორგი ბაბუაძე

კანადაში, ლავალის უნივერსიტეტში მუშაობდა. დოქტორანტი მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმართულებით, 2017 წლიდან დნმ-ის სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე მუშაობდა.

ბაბუაძე კანადაში მეცნიერთა იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც სწორედ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაზე იმუშავა. ამ ტიპის ვაქცინა ორგანიზმში ცოცხალი ვირუსის ან ანტივირუსის შეყვანას არ საჭიროებს, არამედ, დნმ პლატფორმის მეშვეობით, ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმია. გიორგი ბაბუაძე 2020 წლის ივნისიდან ტორონტოში, სანიბრუკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მუშაობს.

სოფია ადამია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი დოქტორი საქმიანობს დან-ფარბერის კიბოს ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.

მისი კვლევის მიმართულებებია: ონკოლოგია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, მიელომა), ადამიანის გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია. სამეცნიერო ლიტერატურის ყველაზე დიდ ონლაინ-ბიბლიოთეკა Google Scholar-ზე მისი 140 პუბლიკაცია იძებნება.

თენგიზ გლოველი

გერმანიაში სამუშაოდ 1992 წელს წავიდა.

ის ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის Charité-ს ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორია, ასევე, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის მექანიზმებს იკვლევს.

მერაბ კოკაია

პროფესიით ფიზიოლოგი, წლებია შვედეთში საქმიანობს. ის დღესდღეობით არის: ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის ეპილეფსიის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

1998 წლიდან - ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტი ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში; 2008 წლიდან - პროფესორი; 2011-დან - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-დან - ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი;

მერაბ კოკაიას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში 120-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ლაბორატორია, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობს, კვლევებს ატარებს ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ, ეპილეფსიის მკურნალობის ახალ მეთოდებზე. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორია მერაბ კოკაიას უმცროსი ძმა, ზაალ კოკაიაც. 2010 წლიდან ის შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს ხელმძღვანელობს.

თამარ პაზიაშვილი

სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორია.

რამდენიმე წლის წინ ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ის ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც მღრღნელებს ოპტოგენეტიკის (ნერვული უჯრედების გამოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შედგება მასში მემბრანების მოთავსებით სპეციალური გზებით "ოპსინებით") დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები უწყდებათ.

პაზიაშვილმა, ასევე, აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. ის 33 წლის ასაკში სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა და გლადსტოუნის ინსტიტუტმა ლაბორატორიის გახსნა შესთავაზა, რომელსაც მისი სახელი დაერქვა (Paz Lab). აღნიშნულ ლაბორატორიაში ადამიანის ტვინსა და ტვინის პრობლემებს იკვლევენ.

არჩილ კობახიძე

ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის ასოცირებული პროფესორია 2012 წლიდან.

მანამდე იყო ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ასევე მონაწილეობდა კვლევებში აშშ-ში - ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში და მელბურნის უნივერსიტეტში.

მისი კვლევები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თეორიული ნაწილაკების ფიზიკა, გრავიტაცია და კოსმოლოგია. Google Scholar-ზე კობახიძის 144 ნაშრომს ვხვდებით.

ზურაბ გუგუჩია

დოქტორი ფიზიკის დარგში შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ცენტრის - პოლ შერერის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის მიუონის ლაბორატორიაზე პასუხისმგებელი პირია. პარალელურად მიწვეული მეცნიერია პრინსტონის უნივერსიტეტში.

2016-2018 წლებში მუშაობდა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პოსტდოქტორის პოზიციაზე. ზურაბ გუგუჩიას კვლევები შემდეგ მიმართულებებზე ფოკუსირდება: მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენა, ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარების და მაგნიტების შესწავლა და ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა.

ჯერ მხოლოდ 33 წლის ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა სრულიად ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარები. ამასთან, მის სახელს უკავშირდება პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ე.წ. ტოპოლოგიური (ვეილის) ზეგამტარული და მაგნიტური ნივთიერებების მიკროსკოპულ დონეზე შესწავლა მიუონის სპინის ბრუნვის მეთოდით. Google Scholar-ზე გუგუჩიას 166 ნაშრომი იძებნება.

ესტატე ხმალაძე

პროფესორი ესტატე ხმალაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარია. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა. ხმალაძის შრომებმა გამოავლინა და დაადგინა ერთი შეხედვით დაშორებულ და ერთმანეთისაგან თითქოს დამოუკიდებელ დარგებს შორის კავშირი.

ხმალაძე თბილისიდან ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში 1996 წელს, ხოლო შემდეგ ველინგტონში, ახალ ზელანდიაში გადავიდა, სადაც 2002 წელს სტატისტიკის პროფესორად დაინიშნა.

1981 წელს ესტატე ხმალაძემ არაპარამეტრული სტატისტიკური ჰიპოთეზის შემოწმების პრობლემის გადაჭრის საკმაოდ მოულოდნელი გზა იპოვა. ეს პრობლემა ღიად რჩებოდა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში (1952 წლიდან). სახელდობრ, მან დაადგინა კავშირი კლასიკურ სტატისტიკურ ამოცანებსა და მარტინგალების თეორიას შორის და შემოიღო სპეციალური მარტინგალური გარდაქმნა, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს და ცნობილია „ხმალაძის გარდაქმნის“ სახელწოდებით.

1993 წელს, გაავრცელა რა ჰიპოთეზების შემოწმების ამოცანა მრავალგანზომილებიან სივრცეებზე, ხმალაძემ ააგო ახალი ტიპის მარტინგალები მრავალგანზომილებიანი დროით, ე.წ. „სკანირების მარტინგალები“.

90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ქართველმა პროფესორმა მიიღო ახალი შედეგები, რომლებიც ინტეგრალური გეომეტრიის და ბრუნ-მინკოვსკის თეორიის მეთოდებს აკავშირებს სივრცული სტატისტიკის ამოცანებთან. მთავარი მიგნება აქ იყო სიმრავლე-მნიშვნელობიანი ფუნქციების წარმოებულის ახალი ცნება. ამ ე.წ. „ასაკეც წარმოებულს“ იყენებენ, მაგალითად, განზოგადებული ფუნქციების თეორიაში და მისი გამოყენების სფერო საკმაოდ შორს სცილდება სტატისტიკის ჩარჩოებს. თანამედროვე სიმრავლე-მნიშვნელობიანი ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი ჟ.პ. ობენი ამ ნაშრომს "მათემატიკურ ვირტუოზობას" უწოდებს.

ესტატე ხმალაძემ სერიოზული წვლილი შეიტანა სტატისტიკური მრავალფეროვნებისა და ფრაგმენტაციის პროცესთა თეორიაში. შექმნა ე.წ. ოკუპაციის ამოცანების ახალი კლასიფიკაცია და საფუძველი დაუდო „დიდი რაოდენობის იშვიათი მოვლენების“ არსებითად ახალ თეორიას. ოკუპაციიის პრობლემები დაკავშირებულ იქნა, მისგან ძალიან შორს მყოფ უსასრულოდ დაყოფადობის თეორიასთან.

ბოლო პერიოდში (2013 - 2021 წწ.) ხმალაძე კვლავ დაუბრუნდა სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების თეორიას. მისი კოლეგები და თანამშრომლები თვლიან, რომ ამ კვლევის შედეგი იქნება არსებითად სრულმასშტაბიანი არაპარამეტრული სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების თეორია, რომელიც უკვე ვრცელდება სტოქასტური პროცესების განაწილების შესახებ ჰიპოთეზების შემოწმების თეორიაში, იმ სფეროში, სადაც ადრე ის თითქმის არ არსებობდა. აქ მთავარ როლს თამაშობს სტოქასტურ პროცესებზე მოქმედი უნიტარული ოპერატორების ჯგუფის ინვარიანტობა.

ესტატე ხმალაძეს ეკუთვნის მრავალი სხვა გამორჩეული ნაშრომი, სადაც აღწერილია ზოგადი ფუნქციონალური ზღვარითი თეორემები ე. წ. დაყოფადი სტატისტიკისა და მიმდევრობითი რანგების სტატისტიკისთვის.

2013 წელს გამოიცა მისი წიგნი სტატისტიკური მეთოდების შესახებ დემოგრაფიასა და სიცოცხლის დაზღვევაში, რაც ადასტურებს ესტატეს მუდმივ დაინტერესებას გამოყენებითი ასპექტებით.

თეიმურაზ ფირაშვილი

ქართველი მათემატიკოსია, რომელიც 2006 წლიდან დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში მუშაობს - ჯერ ლექტორად, 2007 წლის შემდეგ კი - პროფესორად. ის 1999 წელს ჰუმბოლტის საზოგადოების პრემიის ლაურეატი გახდა.

გარდა ამისა, არის საფრანგეთის რიგი უნივერსიტეტების (სტრასბურგი, ნიცა, ნანტი, მონპელიე, პარიზი) სადოქტორო დისერტაციების ჟიურის წევრი. ფირაშვილი 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. ამასთან, არის ჟურნალ “Extracta Mathematicae” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მეცნიერი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, როგორც მომხსენებელი, ასევე, როგორც თანაორგანიზატორი.

ქეთევან მამისეიშვილი

დაახლოებით 20 წელია, აშშ-ში ცხოვრობს. ის აკადემიური და სტუდენტური საკითხების ასოცირებული დეკანი და უმაღლესი განათლების პროფესორია არკანზასის უნივერსიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯში. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა აშშ-ში, მისურის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ლიდერობისა და პოლიტიკის ანალიზის სფეროში.

2008 წლიდან მუშაობს არკანზასის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, რეაბილიტაციის, ადამიანური რესურსების და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ქეთევან მამისეიშვილს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული წამყვან ჟურნალებში. ამასთან, არის ორი საერთაშორისო კონფერენციის მიმომხილველი და უმაღლესი განათლების მიღების ასოციაციის ერთ-ერთი სხდომის თავჯდომარე წაიკითხეთ ინფორმაცია კიდევ 10 ქართველი მეცნიერის შესახებ, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ

myquiz