გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტისთვის 46 ადამიანი იბრძვის | Allnews.Ge

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტისთვის 46 ადამიანი იბრძვის

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძის, გიორგი მაჩაბლისა და მანანა მიქაბერიძის შემცვლელებს კონკურსის გზით არჩევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის შესარჩევად კონკურსის პირველი ეტაპი გუშინ დასრულდა.

სულ 4 პოზიციაზე, 176 განაცხადი შევიდა.

კერძოდ, ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესულია 45 განაცხადი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე - 46, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე - 42, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე - 43 განაცხადი.

უწყებაში ამ დროისთვის CV-ების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თანამდებოდან გადააყენა თავისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. ასევე, მისივე გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვეს: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

myquiz