სესხები უკვე გაძვირდა, მომავალში გაიზრდება ჯარიმები და საკომისიოებიც - "რეზონანსი" | Allnews.Ge

სესხები უკვე გაძვირდა, მომავალში გაიზრდება ჯარიმები და საკომისიოებიც - "რეზონანსი"

სამომხმარებლო სესხის შემცირებამ საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვია.

ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, წლის ბოლომდე შესაძლებელია, ბანკებმა არა მარტო საპროცენტო განაკვეთები, არამედ საკომისიოები, ჯარიმები და სხვადასხვა მომსახურება გააძვირონ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამჯერად ცვლილება სამომხმარებლო სესხებს შეეხო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სპეციალისტების შეფასებით, ბანკებმა სესხების გაძვირებით დანაკარგების კომპენსირება მოახდინეს.

არსებული მონაცემით, ერთ თვეში მოკლევადიან სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი, საშუალოდ, 5%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი აპრილისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთმა 5,7%-ით მოიმატა და 22,7% შეადგინა (მარტში – 17%). უცხოურ ვალუტაში კი ზრდა არ მომხდარა. 1-ლი აპრილისთვის, ისევე როგორც 1-ლი მარტისთვის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთმა 6,2% შეადგინა.

რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხს, აქ საპროცენტო განაკვეთი მცირედით - 17,6%-დან 18,2%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 0,1%-ით შემცირდა და 9,8% შეადგინა (1-ლი მარტისთვის – 9,9% იყო).

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2919 წლის 1-ლი აპრილისთვის კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემული იყო 3,78 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხი.

სპეციალისტების შეფასებით, ბანკები საპროცენტო განაკვეთს რისკების დასაბალანსებლად აძვირებენ.

ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ ბანკებმა სესხების შემცირებისგან საგრძნობლად იზარალეს და მათი გადაწყვეტილებაც ძირითადად ამ ფაქტორმა განსაზღვრა. იმ შემთხვევაში კი, თუ ეროვნული ბანკი რეგულაციას შეარბილებს, ბანკებს დეპოზიტების მომსახურება გაუადვილდებათ და შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე იფიქრონ.

„ბანკებს ეროვნულიო ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციის ფონზე სამომხმარებლო სესხების შემცირებამ მოუწია. აქედან გამომდინარე, მათ შეექმნათ გარკვეული პრობლემა სესხების გაცემასთან დაკავშირებით. ცხადია, ვეღარ გასცემენ დიდი მოცულობით, რაც პრობლემას ქმნის. დღეს არ გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ სესხებმა ბიზნესსექტორში გადაინაცვლონ, როგორც ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი პროგნოზირებდა.

ბანკებს სჭირდებათ იმ დანაკარების კომპენსაცია, რაც სესხების შემცირებით მიიღეს. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გაცემა შეიზღუდა, რისკის შეფასების ფაქტორი გამკაცრებულია. ბანკები ზრდიან საპროცენტო განაკვეთს რისკების დასაბალანსებლად. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა, რომ სესხები გაძვირდა", - ამბობს „რეზონანსთან" ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ ბანკებს რისკი ლარიზაციის პროგრამის მოქმედების გამოც შეექმნათ, რაც ასევე აისახა საპროცენტო განაკვეთებში და მისი ზრდა განაპირობა.

„ახლა ლარიზაციის პროგრამა მოქმედებს, რის შესაბამისადაც სესხები გაიცემა ლარში, ცხადია, საპროცენტო განაკვეთებში ეს რისკიც გათვალისწინებულია. ყველაფერმა საბოლოოდ სესხების გაძვირებაზე იმოქმედა. რაც შეეხება პროგნოზს, დამოკიდებულია იმაზე, ეროვნული ბანკი შეარბილებს თუ არა რეგულაციას. ამ შემთხვევაში სამომხმარებლო დაკრედიტება გაფართოვდება და დასწევენ განაკვეთებს, რამდენადაც კომპენსაციას მიიღებენ სასესხო პორტფელის ზრდის ფონზე და დეპოზიტების მომსახურება გაუადვილდებათ", - განაცხადა ხომიზურაშვილმა.

სპეციალისტების შეფასებით, სამომავლოდ გაიზრდება არა მარტო საპროცენტო განაკვეთები, არამედ სხვა ხარჯიც და შესაძლოა, ცვლილება საკომისიოებსაც შეეხოს. ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ საბანკო მომსახურების გაძვირებით ქართული საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა რეგიონში გაუარესდება.

„დაუწერელი კანონია, როგორც კი რეგულაცია შემოდის და ტრანზაქციული ხარჯი იზრდება, ბანკები ყოველთვის მოძებნიან გამოსავალს და მომსახურებას გააძვირებენ, ამაში ფინანსური სექტორი უდავოდ „ნიჭიერია". ეს არც იქნება მოულოდნელი, რადგან ბანკებმა ვიღაცისაგან ხომ უნდა ამოიღონ ეს ფული, შესაბამისად, თანხას ისევ მომხმარებლებისაგან ამოიღებენ. ამიტომ ველოდები გარკვეული საბანკო პროდუქტების გაძვირებას, რითაც ბანკები ხარჯის კომპენსაციას მოახდენენ.

სავარაუდოდ, გაძვირება აისახება სხვადასხვა სახის საკომისიოებზეც. დანაკლისი კლიენტების ხარჯზე ანაზღაურდება. შემოიღებენ ახალ ფინანსურ პროდუქტებსაც, საიდანაც ამ ხარჯის კომპენსაციას მოახდენენ. ცხადია, ეს არ უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას, პირიქით, შემაფერხებელიც კი გახდება განვითარებისათვის.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ბანკების ტრანზაქციული ხარჯი გაცილებით მაღალია, ვიდრე სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. ამ მხრივ უარესი მდგომარეობა მხოლოდ რუსეთშია, გასაგები მიზეზების გამო.

რეგიონში ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით კიდევ შემცირდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება.

შესაძლოა, ამჯერად ცვლილება ძალიან შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ როგორც კი გაანალიზდება, გამოჩნდება, რომ საქართველოს პოზიცია ამ მიმართულებით გაუარესდება", - ამბობს „რეზონანსთან" თუთბერიძე.

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ საპროცენტო განაკვეთებისა და რამდენიმე სხვა მომსახურების გაძვირება საბოლოოდ ლარის კურსს დააწვება და სავალუტო რყევას გამოიწვევს.

„დაწესებულმა რეგულაციამ კომერციულ ბანკებს შემოსავალი შეუმცირა. ბუნებრივია, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი დანაკლისის ანაზღაურებას არა მარტო საპროცენტო განაკვეთებით, არამედ სხვა საშუალებებითაც. ეს შეიძლება იყოს ჯარიმები, საკომისიოები და სავალუტო თამაშები, რაც ასევე გამოიწვევს მომავალში ლარის რყევას, ეს სავსებით მოსალოდნელია", - აცხადებენ ექსპერტები.

მარი ჩიტაია

გაზეთი რეზონანსი"

myquiz