ყველა საკრედიტო ორგანიზაციაში სესხის მსურველთა რიგია - "რეზონანსი" | Allnews.Ge

ყველა საკრედიტო ორგანიზაციაში სესხის მსურველთა რიგია - "რეზონანსი"

სესხებზე მთხოვნა შეუჩერებლივ მატულობს. მიუხედავად საფინანსო სექტორისათვის დაწესებული რეგულაციებისა, ხალხი მუდმივად ახალი გზების ძიებაშია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არ მალავენ, რომ მოთხოვნა გაზრდილია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სესხი აქტიურად გაიცემა, რადგან შეზღუდვის გამო ნაკლებ ადამიანს აქვს მისი მიღების შესაძლებლობა. რეალურად, ხალხი ფულის შიმშილს განიცდის და გამალებით ეძებს საშუალებას, რომ თავი გადაირჩინოს.

ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ყოველდღიურად ათობით ადამიანს შეაქვს განაცხადი სწრაფ სესხთან დაკავშირებით, რის გამოც განაცხადების განხილვის პროცესი ჭიანურდება.

"ბოლო 2 თვეა, განაცხადების რაოდენობა არნახული ტემპით მატულობს. აქამდე განხილვის პროცესი თუ ნახევარ საათში სრულდებოდა, ახლა რამდენიმე საათიც არ ყოფნის. ძირითადად გრძელვადიან კრედიტებზეა მოთხოვნა, თუმცა ხალხი მინიმალური მოცულობის სესხის მიღებას ცდილობს. საწყისი თანხა ჩვენთან 500 ლარია, ხოლო სესხის ხანგრძლივობა 3 თვიდან 2 წლამდეა. მიუხედავად იმისა, რომ სესხის დამტკიცების პროცედურა გამკაცრდა, მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდა", - აცხადებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, რომლის სახელწოდებასაც რესპონდენტის თხოვნით არ ვასახელებთ.

რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყოველი მესამე ადამიანი სესხს საკვების შეძენის მიზნით იღებს. მდგომარეობა ბოლო 2 წელიწადში საგრძნობლად დამძიმდა და ახლა აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, ვიდრე ეს შეიძლება, 4-5 წლის წინ ყოფილიყო.

ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, საქართველოში ბანკებიდან და ონლაინ-ორგანიზაციებიდან აღებულ თანხას აბსოლუტური უმრავლესობა კვებაში ხარჯავს. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებსა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისაკენ მიიმართება.

"ბოლო 2-3 წელიწადში ვითარება ქვეყანაში ძალიან დამძიმდა. საკმაოდ დიდი ოდენობის სესხი გაიცა კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. რაც შემოსავალი აქვს მოსახლეობას, იმაზე მეტია გასავალი და ყოველდღიურ ხარჯს სესხის გარეშე ვერ უმკლავდება. ფაქტობრივად, ყოველი მეორე და მესამე ადამიანი წნეხის ქვეშაა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბოლო დრომდე საკმაოდ გაადვილებული ფორმით იძლეოდნენ კრედიტებს, მაგრამ მისი გადახის მხრივ ხალხს სერიოზული პრობლემა ექმნებოდა. ამიტომაა, რომ 1 მილიონზე მეტია დავალიანების მქონე ადამიანების რაოდენობა. ეს საგანგაშო მაჩვენებელია, სამომხმარებლო კრედიტიც დიდ როლს თამაშობს ამ სიმძიმის გაზრდაში

ტენდენცია გრძელდება ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ საფიანსო სექტორს რეგულაციები დაუწესდა. ხალხი კიდევ უფრო გამალებით ცდილობს ფულის შოვნას და ეს არც არის გასაკვირი. მოსახლეობას საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება და იძულებულია, ფინანსური ორგანიზაციების მომსახურებით ისარგებლოს. ასეთი, ფაქტობრივად, ყოველი მესამეა, რომელიც სესხს ფიზიკური გადარჩენისთვის, ანუ საკვების შესაძენად იყენებს", - აცხადებს „რეზონანსთან" ჯგერენაია.

ეკნომისტების შეფასებით, ამის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სტაგნაციაა, რაშიც ხალხი სავალუტო კრიზისის გამო აღმოჩნდა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ხალხს დანაზოგის გაკეთების საშუალება არ აქვს, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ გააჩნია, რომ ყოველდღიურ ხარჯს თვალი გაუსწოროს.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რამაც, მისი შეფასებით, სესხზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა. მისი თქმით, შემოსავალი მცირეა და სიღარიბე ბობოქრობს, რის გამოც ხალხს თავის გადასარჩენად სხვა ალტერნატივა არ აქვს.

"სესხზე მოთხოვნა გამოწვეულია სიდუხჭირით, რაშიც ხალხი ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩნდა. შეიძლება, უკანასკნელ თვეებში ეს უფრო თვალსაჩინო გახდა, მაგრამ პრობლემის სათავე უფრო შორს უნდა ვეძებოთ. უფრო და უფრო მწვავდება სციალური ფონი და ეს იწვევს სესხზე დამოკიდებულების ზრდას. გარდა ამისა, ლარი უფასურდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ჯარიმებთან მიმართებაში რეგულაციების დაწესებამ ადამიანები კიდევ ურფო "წაახალისა". ისინი იმედოვნებენ, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში მაღალი ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ. ეს არის ფონი, რომლის საფუძველზეც ხალხი სესხის მიღებას ცდილობს.

ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობაა და სესხის გარდა მოქალაქეებს გამოსავალი არ აქვთ. მიკროსაფინანსოებში საპროცენტო განაკვეთები იმიტომ არის მაღალი, რომ ხშირად ისინი დიდი ბანკებისაგან ფულს თავად სესხულობენ. ადამიანი, რომელიც სამომხმარებლო სესხს იღებს, ამ თანხას პირველადი მოხმარების პროუდქტების შესაძენად იყენებს, სხვაგვარად არც შეიძლება.# ეს ნიშნავს, რომ შემოსავალი არ არის და სიღარიბე ბობოქრობს", - აღნიშნა "რეზონანსთან" ავთო სილაგაძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz