საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა | Allnews.Ge

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა

2018 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 71-მდე შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში 81 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, თუმცა გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 75-მდე შემცირდა, 2018 წელს კი ბაზარს კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია გამოაკლდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის კლება კომპანიების საკუთარი განაცხადის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმებას უკავშირდებოდა, - "შემცირების მიზეზი არცერთ შემთხვევაში ორგანიზაციების გაკოტრება არ ყოფილა", - აღნიშნეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძის შეფასებით, ქართული ბაზრისთვის, რომელიც მისი თქმით, მცირეა, არა 81, არამედ შეიძლება, 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც დიდ რაოდენობას წარმოადგენდეს. მისი თქმით, გასულ წელს მათი ნაწილი ბაზრიდან რეგულაციების გამო გავიდა, რაც შეიძლება, მომავალშიც მოხდეს.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მრავალმხრივი პროფილით გამოირჩევიან, მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ლომბარდის ფუნქციას ასრულებენ, არიან ორგანიზაციები, რომლებიც ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები იყვნენ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ახლა დარეგისტრირდნენ. ახლა მათი მინიმალური საწედებო კაპიტალის მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობაც შესაძლებელია შემცირდეს. ასევე ვიმედოვნებ, რომ რაოდენობის შემცირება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კონკურენციის შემცირებას არ გამოიწვევს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა ფიქრობდეს მცირე ბიზნესის დაფინანსებაზე, შეღავათიან კრედიტებზე ისეთ სფეროებში, რომლებსაც ბანკები ვერ აფინანსებენ, თუმცა ჩვენთან ცოტა შეცვლილია სიტუაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი იყო იმ პირების დამფინანსებელი, რომლებიც ბანკში სესხს ვერ იღებენ და მათი მთავარი მიზანი იყო ის, რომ უზრუნველყოფილი სესხი გაეცათ და დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჰქონდა თუ არა ადამიანს შემოსავალი. შეიძლება, ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ ძალიან ბევრი ამ პრინციპით მუშაობდა", - განმარტა კეპულაძემ.

მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე იმ რეგულაციების გავრცელებამ, რომლებზეც მუშაობა ახლა მიმდინარეობს, შეიძლება, მცირე ორგანიზაციების შეერთება და მათი გამსხვილება ან მათი ნაწილის ბაზრიდან გასვლა გამოიწვიოს.

myquiz