"ბანკები და საფინანსო კომპანიები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ" - რას გულისხმობს სესხის ხანდაზმულობა? | Allnews.Ge

"ბანკები და საფინანსო კომპანიები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ" - რას გულისხმობს სესხის ხანდაზმულობა?

"ბანკები და საფინანსო კომპანიები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ". ამის შესახებ პრობლემურ მსესხებელთა ასოციაციაში აცხადებენ. მათივე ცნობით, სესხის ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დადგენილი ვადაა, რომლის გასვლის შემდეგაც, პირი სხვა პირის მიმართ მოთხოვნის უფლებას კარგავს.

"ხანდაზმულობა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ ან როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა. თუ ვალდებულების შესრულებიდან 3 წელია გასული, სესხი უკვე ხანდაზმულია.

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობას ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს. თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება,“-აღნიშნავენ ასოციაციაში.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის ყოველთვიური პროცენტია გათვალისწინებული, თითოეული შესრულებისთვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა დამოუკიდებლად აითვლება.

"თუ მოვალემ ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება, მაშინ მას არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით უკან გამოითხოვოს შესრულება. მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

მაგალითად, გიორგიმ ისესხა მიკროსაფინანსო კომპანიისგან 1 000 ლარი 2014 წლის 10 მაისამდე. თუ 10 მაისს გიორგი არ დააბრუნებს სესხს, მაშინ 11 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მოთხოვნის უფლება და აითვლება ხანდაზმულობის ვადა. მიკროსაფინანსოს მოთხოვნა ჩაითვლება ხანდაზმულად 2017 წლის 12 მაისის შემდეგ", - აღნიშნავენ ასოციაციაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ბანკების მიერ ხანდაზმულობის გაცოცხლება, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხანდაზმული სესხის ვადა სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ძირითადად, ორ ვითარებაში აღდგება და ეს ორივე შემთხვევა მოვალის ანუ მოქალაქის მიერ კანონის არცოდნის შედეგად არის გამოწვეული. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz