კომპანიები საქართველოში, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული | Allnews.Ge

კომპანიები საქართველოში, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული

2017 წლის ტოპ-10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს შორის 4 კომერციული ბანკია.

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ეს ბანკებია: "თიბისი ბანკი", "კრედო", "ლიბერთი" და "საქართველოს ბანკი".

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ კომპანიაში დასაქმებულ პირთა ზუსტი რიცხოვნობის შესახებ, რადგან "საქსტატის" ცნობით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუმცა, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, კომერციულ ბანკებში (16 ბანკში) გასულ წლის მონაცემებით 24,853 თანამშრომელი მუშაობდა. კონკრეტულად, რამდენი მუშაობს ამ 4 ბანკში, ეს მონაცემი უცნობია.

აღნიშნული ბანკების გარდა, წინასწარი მონაცემებით, დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობის მიხედვით 2017 წლის კერძო სექტორის ტოპ-10  კომპანიას შორის მოხვდა ასევე : სს "ენერგო-პრო ჯორჯია"; სს "ნიკორა ტრეიდი"; სს "სამედიცინო კორპორაცია ევექსი"; შპს "ავერსი-ფარმა"; შპს "ჯეო ჰოსპიტალს" და შპს "ჯორჯიან მანგანეზი".

რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობას, ზოგიერთ მათგანს საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული ეს ინფორმაცია. კერძოდ, როგორც "ავერსის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, კომპანია 1994 წელს დაარსდა და საქართველოში 9 000 სამუშაო ადგილი შექმნა; "ნიკორას" 4262 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული; "ენერგო–პრო ჯორჯიას" დასაქმებული ჰყავს 5 200 ადამიანი; "ჯორჯიან ემერიქან ელოისს" კი, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზს" მართავს, დასაქმებული ჰყავს 6 ათასამდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ "საქსტატის" მიერ მოწოდებული მონაცემები ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების შესახებ, რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

თაია არდოტელი

bpn.ge

myquiz