რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე იყო.

ახალგაზრდა მინისტრის მხრიდან ბანკების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო მის მიმართ საზოგადოების ინტერესი გაიზარდა.

საინტერესოა, რა ქონებას ფლობს ახალგაზრდა მინისტრი და რამდენია მისი შრომის ანაზღაურება?

მამუკა ბახტაძის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს, მცხეთაში მას 355 კვ.მ ფართობის ბინა და 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჩუქეს.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის ანგარიშებს, 2018 წლის მარტის ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიში 6,02 ლარია, ამავე ბანკში შემნახველი 1,37 ლარი; "საქართველოს ბანკში" SOLO-ზე ბახტაძეს 8 540,89 ლარი აქვს, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 0,73 ლარი.

ქონებრივ დეკლარაციაში არსებული ერთ-ერთი შესავსები ველის, რომელიც საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საჯარო მოხელის ან მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვას ეხება, მამუკა ბახტაძეს მითითებული აქვს, რომ მან 2017 წელს შპს ჯიარ ტრანზიტიდან 37 465 ლარი მიიღო, შპს ჯიარ ტრანზიტ ლაინიდან 16 048,95 ლარი, ხოლო სს საქართველოს რკინიგზიდან 184 150,51 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამუკა ბახტაძემ 2017 წელს 13 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე შემოსავლის სახით 11 151,43 ლარი მიიღო.

ფლობს თუ არა მინისტრი სხვა ქონებას, მამუკა ბახტაძეს ქონებრივ დეკლარაციაში ამის შესახებ რამდენიმე ველი ცარიელია.

მამუკა ბახტაძე 35 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

myquiz