გიორგი ქადაგიძე - ის რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის | Allnews.Ge

გიორგი ქადაგიძე - ის რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის

ის რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის - აღნიშნული კომენტარი ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ფინანსთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც მამუკა ბახტაძე ამბობდა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. ქადაგიძის თქმით, საქართველოზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში არასაბანკო განწყობები არის პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

"ამავდროულად აუცილებლად მინდა აღვნიშვნო, რომ წარმატებული კომპანიები არ ამაყობენ მოგების სიდიდით, წარმატებული კომპანიები ამაყობენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტით, წარმატებული კომპანიები ამაყობენ იმ ცვლილებებით, რა სასიკეთო ცვლილებებიც მათ მოაქვთ საკუთარი მომხმარებლებისთვის და ზოგადად საკუთარი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით ქართულ მსხვილ ბიზნესს სამუშაო ნამდვილად ბევრი აქვს", - განმარტა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძემ აქვე რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გამოყო და აღნიშნა, რომ თუ ამ კითხვებს სწორი პასუხები გაეცემა, სხვა დანარჩენი კითხვა მოიხსნება დღის წესრიგიდან.

"მთავარი კითხვები რომლებიც უნდა დაისვას, არის რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეებზე ასახვა და რატომ ხდება რომ საშუალო ფენა ძალიან ნელი ტემპით იზრდება და რატომ ვერ ხერხდება, რომ ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე როგორც ასეთი. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომლებზეც უნდა გაეცეს პასუხები და ამ კითხვებზე სწორი პასუხების შემთხვევაში ყველა სხვა კითხვები ცხადია დღის წესრიგიდან მოიხსნება"- თქვა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამასთანავე აღნიშნა, რომ ამოცანა უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ზრდა და სხვა პოლიტიკა დადებითად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე.

myquiz