საკვები პროდუქტები, რომლებიც უცხოეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის | Allnews.Ge

საკვები პროდუქტები, რომლებიც უცხოეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის

საქართველოში დიდი რაოდენობით საკვების იმპორტი ხდება, რასაც შემოსავლების სამსახურის სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ცდილობენ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდონ, იმპორტირებული პროდუქტების რეალიზაცია ადგილობრივს მაინც მკვეთრად აღემატება.

Allnews.ge-მ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები, თუ რა რაოდენობით საკვები პროდუქტების იმპორტი ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ მარცვლოვნები ლიდერობს.

2017 წელს საქართველოში 597 277 603.6 კილოგრამი მარცვლოვანი პროდუქტის იმპორტი განხორციელდა.

მეორე ადგილს შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი იკავებს, რადგან გასულ წელს მისი 158 785 238.8 კილოგრამი ნაწარმი შემოიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარი აგროსფეროს უჭირავს, 2017 წელს საქართველოში 91 479 906.1 კილოგრამი ბოსტნეულის და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფებისა და ბოლქვნაყოფების იმპორტი განხორციელდა.

შემდეგ პოზიციაზე კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები, ასევე ცხოველების მზა საკვებია, რომლის საერთო წონა 79 632 603.2 კილოგრამს შეადგენდა.

საიმპორტო საკვებ პროდუქციაში კიდევ ერთ წამყვან ადგილს 74 783 217.7 კილოგრამით ხორცი და ხორცის საკვები პროდუქტები იკავებს.

ასევე, საქართველოში დიდი რაოდენობით ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმების და ზეთებისა და მათი გახლეჩის პროდუქტების, მზა საკვები ცხიმების და ცხოველური ან მცენარეულის წარმოშობის ცვილების იმპორტი ხდება. კერძოდ, 2017 წელს 65 035 653.6 კილოგრამი აღნიშნული პროდუქცია შემოიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ კაკლოვანი კულტურები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და სამეგრელოს რეგიონში მაცხოვრებლები აღნიშნულ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები, კაკლოვანი კულტურების იმპორტის მაქსიმალურად ჩანაცვლება მაინც ვერ ხერხდება. გასულ წელს 58 794 289.9 კილოგრამი საკვებად ვარგისი კაკლის, და ხილის, მათ შორის ციტრუსების კანისა და ნესვის ქერქის იმპორტი მოხდა.

ასევე, 2017 წელს 49 147 752.5 კილოგრამი ფქვილ-ბურღულეულის, ალაოს, სახამებლის, ინულინისა და ხორბლის წებოვანას იმპორტი განხოციელდა.

ათეულში ასევე მარცვლოვანების მარცვლის მზა პროდუქტები, ფქვილეული და საკონდიტრო ნაწარმი მოხვდა, რომელთა საერთო წონამ 44 876 210.1 კილოგრამი შეადგინა.

myquiz