ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს - ირაკლი კოვზანაძე | Allnews.Ge

ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს - ირაკლი კოვზანაძე

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, არც ერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაუარესებული არ არის, გაუმჯობესება გვაქვს ყველა მიმართულებით.

მისივე თქმით, გამოქვეყნდა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის თანახმადაც, სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 5%-ია, 9 თვის მონაცემებით კი - 4.7%.

"სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ 4%-იან ზრდაზე გვქონდა დაგეგმილი და გვაქვს უკეთესი მონაცემები. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს ნახავთ, 9 თვეში პრაქტიულად 200 მილიონით მეტი მივიღეთ. არც ერთი მაჩვენებელი არ არის გაუარესებული. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს. მოკლე პერიოდში შეიძლება მოძრაობა იყოს ორივე მიმართულებით - როგორც გამყარების, ასევე დევალვაციის კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია და ლარის მკვეთრი დევალვაცია მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა კოვზანაძემ.

myquiz