როგორ შევარჩიოთ ხელსაყრელი ანაბარი | Allnews.Ge

როგორ შევარჩიოთ ხელსაყრელი ანაბარი

ანაბრებით ბევრი ჩვენგანი სარგებლობს, რადგან ის ფულის დაგროვების ერთ-ერთ წყაროა. რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები და როგორ შევარჩიოთ რომელია ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი?

"ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული საბავშვო ანაბარი გახდა, რომელიც ზრდადი და შეგროვებადიი დეპოზიტია. შეგვიძლია, დაგროვება გარკვეული თანხით დავიწყოთ და შემდეგ ყოველთვიურად დავამატოთ," - განმარტავს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ანაბარზე პროცენტი ეროვნულ ვალუტაზე უფრო მაღალია, შესაბამისად, დეპოზიტით სარგებლობა ლარში უფრო ხელსაყრელია.

სპეციალისტის თქმით, საბავშვო ანაბარი მშობლებს შვილისთვის გარკვეული თანხის დაგროვებაში დაეხმარება, რასაც შემდეგ განათლებას ან სხვა ნებისმიერ საჭიროებას მოახმარს.

რაც შეეხება ვადიანი ანაბრით სარგებლობას, ბანკში კონკრეტულ თანხა შეგვაქვს, რომელიც გარკვეული ვადის განმავლობაში, ხელუხლებელი უნდა დარჩეს და ეს პირობები ვადის გასვლამდე არ უნდა დავარღვიოთ. თუმცა, სარგებელი (თანხის პროცენტის სახით), ვადის დასაწყისში, ყოველთვიურად ან ვადის დასრულების დროს შეგვიძლია ავიღოთ, რაც უფრო ხელსაყრელია.

გარდა ამისა, ბანკებს დაგროვების კიდევ ერთი პროგრამა, "ყულაბა" აქვთ, რომლის საშუალებითაც, ბარათით ყოველი ტრანზაქციის განხორციელებისას, თანხის სასურველი ოდენობის "ყულაბაში" გადარიცხვა შეგიძლიათ.

"თუ ბარათით, დღეში ოთხჯერ გადაიხადე და ყოველ ჯერზე 2 ლარი გადაირიცხა, გამოდის, რომ ანაბარს ჯამში 8 ლარი დაემატება. საბოლოო ჯამში, შეუმჩნევლად, შეიძლება დიდი თანხაც დაგროვდეს," - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები?

Allnews.ge რამდენიმე ბანკის მაგალითზე, ანაბრების ტიპებსა და მათ პროცენტს გთავაზობთ:

1. ვადიანი ანაბარი - კონკრეტულ თანხას ბანკში მაგალითად, 12 თვის ვადით შეიტანთ, რომლის პროცენტის მიღება დასაწყისში, ყოველთვიურად ან ვადის ამოწურვის შემდეგ შეგიძლიათ. ლარში ვადიან ანაბარზე საშუალოდ 10% დაგერიცხებათ;

2. ანაბარი "ჩემი მიზანი" - მისი საშუალებით აუჩქარებლად და მცირე შენატანებით, საჭირო თანხის დაგროვება შეგიძლიათ. ეს ანაბარი ე.წ "ყულაბას" წარმოადგენს და თანხის დაგროვება ყოველთვიური დანაზოგების საშუალებით შეგიძლიათ, ბანკი კი სარგებელს თქვენს თითოეულ შენატანზე დარიცხავს. საპროცენტო სარგებელი ლარის შეტანის შემთხვევაში, 12 თვეზე 9,50%-ია;

3. ანაბარი "ჩემი სეიფი" - შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა, მიიღოთ სარგებელი ხელუხლებელ ნაშთზე, ხოლო საჭიროებისას დანაზოგზე წვდომა ნებისმიერ დროს გქონდეთ. 12 თვეზე პროცენტი 5,50%-ს შეადგენს.

4. საბავშვო ანაბარი - საბავშვო ანაბრის გახსნისთვის პირველადი შენატანის გაკეთება არ დაგჭირდებათ, ხოლო შემდგომი მინიმალური შენატანები მხოლოდ 10 ერთეულს შეადგენს. საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ თანხა ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, შენატანების გაკეთების გრაფიკი განსაზღვრული არ არის.

5. შეგროვებადი ანაბარი - შენატანზე თანხის დამატება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოცულობით შეგიძლიათ. ასევე, რაც მეტ თანხას შეიტანთ, მით მეტს დააგროვებთ. გარდა ამისა, ანაბრის თანხის ნებისმიერ სხვა თანხაში დაკონვერტირება შეგიძლიათ. სარგებელი ლარში 12 თვეზე 7%-ია;

6. "მაქსიმა ანაბარი" - ანაბრის გახსნის შემდეგ, პლასტიკური ბარათის, Maxima Card-ის მფლობელი ხდებით. ასევე, შეგიძლიათ, თანხა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოცულობით დაამატოთ. დაგროვება ერთდოულად რამდენიმე ვალუტაში შეგიძლიათ და რაც მთავარია, დაგერიცხებათ სარგებელი, რომელიც თანხის ცვლილების შემთხვევაშიც არ შემცირდება. რაც შეეხება პირობებს, მინიმალური პირველი შენატანი ნებისმიერ ვალუტაში, 100 ერთეული უნდა იყოს;

7. "მოთხოვნამდე ანაბარი" - მისი გახსნის შემთხვევაში, თქვენს ანაბარს თანხას ნებისმიერი მოცულობით, თქვენთვის სასურველ დროს დაამატებთ და მისი განკარგვაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. დეპოზიტის გახსნისთვის მინიმალური პირველად შენატანი 1 000 ერთეული ლარი, დოლარი ან გირვანქა სტერლინგი უნდა იყოს. წლიური საპროცენტო სარგებელი ლარში 5%-ია.

თანხის შეგროვება უმეტესობისთვის პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ანაბარი ფულის დაგროვებასა და ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება.

 

 

მარიამ მენაბდიშვილი