"ჩვენი კომპანიები მუშაობენ მაქსიმალურ მოგებაზე" - რა ფაქტორები ახდენს გავლენას საწვავის ფასის ცვლილებაზე | Allnews.Ge

"ჩვენი კომპანიები მუშაობენ მაქსიმალურ მოგებაზე" - რა ფაქტორები ახდენს გავლენას საწვავის ფასის ცვლილებაზე

საწვავის ფასის მატებით, საზოგადოების ნაწილი კვლავ უკმაყოფილოა. ნავთობპროდუქტების გაძვირება, თავდაპირველად ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით იყო გამოწვეული, ამასთან საერთაშორისო ბაზარზეც ფასების კუთხით არასტაბილური ვითარება იყო.

2016 წლის ბოლოს კი, ადგილობრივ გარემოებებს, საგადასახადო ცვლილებაც დაემატა, რაც აქციზის ფასის ზრდით გამოიხატა, შედეგად, საწვავის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, აქციზის ფასის ზრდას ერთჯერადი გავლენა უნდა ჰქონოდა.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესზმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა არაჯანსაღია, რადგან მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს არ შეესაბამება. როგორც ანალიტიკოსმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები მაქსიმალურ მარჟაზე მუშაობენ.

"ეს ბიზნესია და ისინი იღებენ ზემოგებას, ბიზნესის იდეაც სწორედ ეს არის, მიიღო მოგება.

მაგრამ აქ მეორე საკითხიცაა, სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენი კომპანიები მუშაობენ მაქსიმალურ მოგებაზე და მათი მარჟები მაქიმალურადაა აწეული."- ამბობს პაატა ბაირახტარი.

იმპორტიორი კომპანიები და ამ დარგის ექსპერტები საწვავის ფასის თავდაპირველ ზრდას, ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებდნენ. თუმცა, ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნეს, რომ ლარის კურსსა და საწვავის ფასს შორის პირდაპირი დამოკიდებულება არ არსებობს.

"ლარის კურსის გამყარებისა ან გაუფასურების გარდა, საწვავის ფასზე კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს.

ბევრი რამ დამოკიდებულია, თავად ბაზრის სტრუქტურაზე, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე. ლარის კურსის მყისიერი გაუფასურება ან გამყარება, ბუნებრივადაც ვერ ჰპოვებს ასახვას საწვავის ფასზე, რადგან როგორც წესი ამას სჭრდდება დრო, რადგან არსებობს გარკვეულ ფასში შეძენილი მარაგები, რომლებიც უნდა გაიხარჯოს." - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხს თუ გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ, როცა ფასები იზრდება რაიმე საქონელზე, ასე მარტივად არ მცირდება. ანუ მარტივად იზრდება, მაგრამ გაცილებით დიდი დრო სჭირდება ფასის შემცირება.

რაც შეეხება იმას, კიდევ გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი, "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის "თავმჯდომარის განცხადებით, ეს მოსალოდნელი არ არის.

"არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ მიმდინარე წელს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სწორედ ლარის კურსი იქნება.

თუკი იმ რეალობას განვიხილავთ, რომ ლარი შესაძლოა, დასტაბილურდეს ან კიდევ უფრო განყარდეს, ეს ცალსახად და უპირობოდ იმოქმედებს ფასზე. საწვავის ფასის შემდგომი კორექტირება, გაძვირების კუთხით, თავიდან ბოლომდე გამოირიცხა. რაც შეეხება ფასის კლებას, უნდა დაველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას."- ამბობს ვანო მთვრალაშვილი

ამასთან, ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები მეტნაკლებად სტაბილურია და მატების ნიშნები არ არის, ამიტომ ადგილობლივ ფასებზე ლარის გაცვილითი კურსის დასტაბილურება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

 

ნარიტა ჩხაიძე

myquiz