როგორ ასწავლიან "ისლამურ სახელმწიფოში" არასრულწლოვნებს ადამიანების მოკვლას | Allnews.Ge

როგორ ასწავლიან "ისლამურ სახელმწიფოში" არასრულწლოვნებს ადამიანების მოკვლას

ლოვანტი და საბაჰი სულ რაღაც 16 და 14 წლისები იყვნენ, როდესაც მათ დაეშის მებრძოლების მიერ მოკლულ ადამიანებს პირველად ესროლეს. ეს წვრთნის ნაწილი იყო, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" არასრულწლოვნების ბოევიკებად ჩამოყალიბების პროცესში იყენებდა.

ლოვანტი და საბაჰი იეზიდების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც დაეშის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ ბანაკში შემთხვევით აღმოჩნდნენ.

მიცვალებულთა სხეულებზე სროლაში ვარჯიში წვრთნის ერთი უმნიშვნელო ეტაპია - ყვებიან ლოვანტი და საბაჰი, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იეზიდების თავშესაფარში იმყოფებიან.

ახალგაზრდა იეზიდები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, სწორედ იმ ადგილას, რომლის ბლოკადაც ექსტრემისტებმა 2014 წელს მოაწყვეს და სინჯარის მთაზე საშინელ სიცხეში საკვებისა და წყლის გარეშე ათასობით იეზიდი სასიკვდილოდ გაწირეს.

ამის შემდეგ ისლამისტები ლოვანტისა და საბაჰის სოფელშიც შეიჭრნენ, ყველა ზრდასრული მამაკაცი წაიყვანეს და დახოცეს, ბავშვები კი საწვრთნელ ბანაკებში გაიყვანეს და მათი "ხალიფატის ნაშიერებად" აღზრდა დაიწყეს.

"გვასწავლიდნენ იარაღის დატენვასა და მის გამოყენებას, გვზრდიდნენ როგორც მებრძოლებს და გვაჩვევდნენ ომს - ყვება ლოვანტი.

"დიდ საფლავებთან მივყავდით, სადაც როგორც თავად გვეუბნებოდნენ იწვნენ ისინი, ვინც "ისლამური სახელმწიფოს" იდეას უღალატეს და გვაიძულებდნენ მიცვალებულთა სხეულებისთვის გვესროლა, რათა ადამიანის მოკვლას მივჩვეულიყავით"- დაამატა საბაჰმა.

ზუსტად არავინ იცის, რამდენი იეზიდი არასრულწლოვანი მოხვდა ექსტრემისტების საწვრთნელ ბანაკში, თუმცა უფლებათდამცველები რამდენიმე ასეულ იეზიდ ახალგაზრდაზე საუბრობენ. ლოვანტისა და საბაჰის განმარტებით, მათ ბანაკში დაახლოებით, 120 მოზარდი ვარჯიშობდა, უმეტესობა სირიელი მუსლიმი იყო, ნაწილი თავად მშობლებმა მიიყვანეს ბანაკში, რათა მომავალ ჯიჰადისტებად ჩამოყალიბებულიყვნენ.

"სახლი ძალიან მენატრებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლიში მიმავალ არაბ ბავშვებს ვხედავდი, ასეთ მომენტში მეჩვენებოდა, რომ ვკვდებოდი"- ამბობს საბაჰი.

მოზარდი-იეზიდების გრაფიკი ექსტრემისტების ბანაკში მკაცრად იყო გაწერილი. ყოველი დილა ისლამის შემსწავლელი გაკვეთილებით იწყებოდა, რათა "ხალიფატის ნაშიერები" რწმენაში გაეძლიერებინათ.

"კლავდნენ ნებისიერს, ვინც მუსლიმი არ იყო.

თავს ვაჩვენებდი, რომ ისლამის მიმდევარი ვიყავი, რათა სიცოცხლე შემენარჩუნებინა"- განმარტა ლოვანტიმ. ბიჭებს აიძულებდნე ელოცათ, წაეკითხათ ყურანი და მისი ზოგიერთი ნაწილი ზეპირად სცოდნოდათ - "გავეთილებს" "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები პირადად იბარებდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკურ მომზადებასა და ძლიერი სიცხის დროს გადარჩენის უნარების დახვეწას ეთმობოდა. "ბანაკში შიში სუფევდა. ღამე მორიგეობებზე გავდიოდით, იარაღი ყოველთვის თან უნდა გვქონოდა, მაშინაც კი როცა ტუალეტში გავდიოდით. ვისაც იარაღი დარჩებოდა სასტიკად სცემდნენ"- იხსენებენ ბიჭები.

"ჩვენ არ შეგვეძლო გვეთქვა "არა"- საშინლად გვეშინოდა. ერთწლიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ გულწრფელად მზად ვიყავი, "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგია მერწმუნა"- ამბობს საბაჰი.

ბიჭების თქმით, მათ დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდათ - ამიტომ გაქცევა გადაწყვიტეს, ზუსტი გზის აღწერა შეუძლებელია, თუმცა ცნობილია, რომ ლოვანტი ადამიანებს დაუკავშირდა, ვისაც მათი შეეძლოთ. ლოვანტიმ და საბაჰიმ გაქცევა შეძლეს. ბანაკში კი კიდევ ასეულობით მათი მსგავსი ახალგაზრდა იეზიდი ტერორისტებს თავს აჩვენებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიისა და რელიგიის სწამთ.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

myquiz