როგორია თანამედროვე მონობა | Allnews.Ge

როგორია თანამედროვე მონობა

მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი ადამიანი თანამედროვე მონობაში ცხოვრობს. მათი ორი მესამედი მხოლოდ აზიაშია. 2016 წლის მსოფლიო მონობის ინდექსის მიხედვით, მონობა განმარტებულია როგორც ექსპლუატაცია, როდესაც ადამიანს არ შეუძლია დატოვოს სამუშაო ადგილი ძალადობის და მუქარის გამო.

თანამედროვე მონობა ფირმებია ბავშვთა მონობა, იძულებითი ქორწინება, იძულებითი შრომა, როდესაც მსხვერპლი მუშაობს იმიტომ, რომ მას ემუქრებიან ან აშინებენ. ასევე, როდესაც ადამიანი იძულებულია იმუშაოს უფასოდ.

"ბიბისი" გთავაზობთ თანამედროვე მონობის ხუთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს:

ზღვის პროდუქციის ინდუსტრია

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ათასობით ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია და იძულებულია იმუშაოს სათევზაო ნავებზე, სადაც ისინი წლებს ატარებენ ისე, რომ სანაპიროს ვერც ხედავენ. მსხვერპლები აცხადებენ, რომ მათ, ვინც ცდილობს გაიქცეს, ან კლავენ ან კიდევ ნავებიდან წყალში აგდებენ.

ტაილანდს, რომელიც მსოფლიოში ზღვის პროდუქტების მესამე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, მიანმარელი და კამბოჯელი ადამიანების ტრეფიკინგში ადანაშაულებენ. ეს ადამიანები სათევზაო ნავებზე მიჰყავთ და მონებივით ამუშავებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათ ჰპირდებიან სამუშაოს ქარხანაში, შემდეგ ჩაჰყავთ ტაილანდში და სათევზაო ნავებზე იძულებითი შრომის მსხვერპლი ხდებიან. ერთ-ერთი მიანმარელი მამაკაცი, რომელმაც ადამიანებით მოვაჭრეებისგან თავის დაღწევა შეძლო, ამბობს, რომ ის იძულებული იყო ღია ზღვაში 20 საათი შეუჩერებლად ეთევზავა ყოელგვარი ანაზღაურების გარეშე.

მარიხუანას ქარხნები და სილამაზის სალონები

მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მონობის მსხვერპლთა რიცხვი 10 000-დან 13 000-მდეა. ისინი ბრიტანეთში ისეთი ქვეყნებიდან ჩაჰყავთ, როგორიცაა ალბანეთი, ნიგერია, ვიეტნამი და რუმინეთი. დაახლოებით 3000 ბავშვი მხოლოდ ვიეტნამიდან ჩაჰყავთ ბრიტანულ მარიხუანას ქარხნებსა და სილამაზის სალონებში სამუშაოდ. მათ დიდ ნაწილს აშინებენ ოჯახის წევრებზე ძალადობით და იძულებით მიჰყავთ სამუშაოდ.

ერთ-ერთი მსხვერპლი 16 წლის იყო მაშინ, როდესაც იგი დიდ ბირტანეთში ჩავიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ გარკვეულ თანხას გამოიმუშავებდა და მას ოჯახს გაუგზავნიდა. თუმცა, იგი ბრიტანეთის მარიხუანას ქარხანაში იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდა.

"მახსოვს როდესაც ქარხანაში მივყავდი უცნობ მამაკაცს, სიტუაცია არ მომეწონა, ამიტომაც ვკითხე, მექნებოდა თუ არა წამოსვლის უფლება, ის კი ცემით და მოკვლით დამემუქრა", - აცხადებს იგი.

საქართველოში 20 900 ადამიანი მონობის პირობებში ცხოვრობს - Walk Free Foundation

სექსუალური მონობა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 4,5 მილიონი ადამიანი იძულებითი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლია. ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი, შანდრა ვოვორუნტუ 2001 წელს აშშ-ში სექსუალური მონობის მსხვერპლი გახდა. იგი ინდონეზიიდან აშშ-ში გადავიდა იმის გამო, რომ მას კარგ სამსახურს ჰპირდებოდნენ, თუმცა, შუამავალმა, რომელიც მას აეროპორტში დახვდა, იგი შეიარაღებულ ადამიანებით მოვაჭრეებს გადასცა. შანდრა იძულებითი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა.

"მათ მითხრეს, რომ მათი 30 000 დოლარი მმართებდა და იგი უნდა გადამეხადა მუშაობით", - იხსენებს შანდრა.

საბოლოოდ მან შეძლო გაქცეულიყო, რის შემდეგაც იგი საგამოძიებო უწყებებს სხვა მსხვერპლების გათავისუფლებაში დაეხმარა.

იძულებითი მათხოვრობა

სხვადასხვა ცნობით, ევროპის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე უამრავი მცირეწლოვანი იძულებითი მათხოვრობის მსხერპლია. მათ ქუჩებში მათხოვრობას აიძულებენ.

"ვმათხოვრობ, მაგრამ არავინ მიხდის არაფერს. ყველაფერი მათ უნდა მივცეთ. საკვები და ძილიც კი არ მაქვს", - ამბობს ერთ-ერთი მსხვერპლი.

"ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან მუდმივ შიშში ვცხოვრობ. ჩემი უფროსები მაფრთხილებენ, რომ თუ ვინმეს რაიმეს ვეტყვი, მკაცრად დავისჯები", - ამბობს კიდევ ერთი მცირეწლოვანი, რომელიც იძულებით მათხოვრობის მსხვერპლია.

დახურულ კარს მიღმა

ძირითადად თანამედროვე მონობის მაგალითები საჯარო არ არის. ასეთი შემთხვევები სახლებში ან კერძო კომპანიების კარს მიღმა ხდება. ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ოჯახის სამი წევრი გაასამართლეს მამაკაცის იძულებაში ემუშავა ანაზღაურების გარეშე. მსხვერპლი მაიკლ ჰაგისი ერთი ოჯახისთვის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა იძულებით.

მისი თქმით, იგი იძულებული იყო ეცხოვრა 1,2 მეტრის სიგრძის ფარდულში, სადაც არც გათბობა იყო და არც წყალი.

კიდევ ერთი ბრიტანელი მამაკაცი გაასამართლეს გასულ თვეს იმის გამო, რომ იგი საკუთარ მეუღლეს შინამოსამსახურედ იყენებდა. გარდა ამისა, მას აწამებდა და არ აძლევდა უფლებას სახლიდან გასულიყო.

ამგვარად, თანამედროვე მონობის მაგალითები მსოფლიოს მასშტაბით არცისე იშვიათია, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში. უფლებადამცველები მსხგავს ფაქტებზე საკმაოდ ხშირად საუბრობენ.

ნაურუში მონობა ოფიციალურად აკრძალეს

myquiz