სპარტიდან პანამამდე: ინფორმაციის გაჟონვის მოკლე ისტორია | Allnews.Ge

სპარტიდან პანამამდე: ინფორმაციის გაჟონვის მოკლე ისტორია

ე.წ. პანამის არქივის გასაჯაროებამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. რამდენიმე ქვეყანამ ოფშორული კომპანიების შესახებ, ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, გამოძიება და სასამართლო პროცესები დაიწყო, ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა კი, მათ შორის ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, თანამდებობა დაკარგა.

თუმცა, საუკუნეების წინ, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაჟონვა უფრო სასტიკი მეთოდებით ისჯებოდა.

ქვებით ჩაქოლვა სპარტაში

ძ.წ. 470 წელს სპარტას მხედართმთავარმა, პავსანიოსმა სპარსელებთან თავისი მონა გაგზავნა და წერილი გაატანა. იმ პერიოდში სპარსელებსა და ბერძნებს შორის ომი იყო. მონამ, რომელსაც არგილიოსი ერქვა, გზაში წერილის წაკითხვა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ პავსანიოსი საბერძნეთზე თავდასხმის შემთხვევაში სპარსელებს მხარდაჭერას სთავაზობდა და სთხოვდა, რომ წერილის წაკითხვის შემდეგ, მისი მონა მოეკლათ, რადგან თვითმხილველები საჭირო არ იყო.

არგილიოსი სპარტაში დაბრუნდა და წერილი ხელისუფლებას გადასცა. როდესაც შეიტყვეს, რომ გავლენიანი მხედართმთავარი სინამდვილეში ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა, ის ათენის ტაძარში სამუდამოდ ჩაკეტეს. ამბობენ, რომ ტაძრის შესავლელთან ქვები პავსანიოსის დედასაც მიჰქონდა.

ძველი რომი

ძველ რომში პოლიტიკა შეთქმულებებზე, ინტრიგებზე და ინფორმაციის გაჟონვაზე იყო აგებული. პოლიტიკურ ბრძოლაში ოპონენტები ყველა ხერხს მიმართავდნენ.

ყველაზე ცნობილი ფაქტი ძ.წ. 63 წელს მოხდა. რომის სენატის კონსული მარკუს ტულიუს ციცერონი ეჭვობდა, რომ რომაელი პატრიცი კატილინა ლუციუს სერგიუსი სენატის საწინააღმდეგო შეთქმულებას ამზადებდა. ციცერონს მტკიცებულები არ ჰქონდა, თუმცა ერთ დღეს, უცნობმა ადამიანმა მისი სახლის შესასვლელთან კატილინას და მისი მოკავშირეების წერილები დატოვა, სადაც საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე.

ციცერონმა აღნიშნული წერილები სენატორებს წარუდგინა, რის შემდეგაც მას უფლება მიენიჭა, გადატრიალების ორგანიზატორები, ჩამოხრჩობის გზით, სიკვდილით დაესაჯა.

ოსმალეთის იმპერია

ოსმალეთის იმპერიაში ინფორმაციის საიდუმლოებას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდნენ. საიდუმლო ინფორმაციის შენახვის მიზნით, სულთანს სასახლეში ხშირად ყრუ-მუნჯები ემსახურებოდნენ.

XVII საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიას სულთანი ოსმან II მართავდა, რომელმაც გადაწყვიტა გაენადგურებინდა იმპერიის ელიტური სამხედრო ქვეითი ჯარი - იანიჩარები.

ერთ-ერთმა ვეზირმა სულთანის გეგმების შესახებ შეიტყო და სამხედროებს აცნობა. საპასუხოიდ, მათ სულთანის სასახლე შტურმით აიღეს, ოსმან II-ს კი სიკვდილით დასჯამდე საკვერცხეები დაუზიანეს.

ინფორმაცია თანამედროვე დროში

ჟურნალისტიკის განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა უფრო რთული გახდა. 1848 წელს ჟურნალისტმა ჯონ ნაჯენტმა გამოცემა New York Herald-დან მოიპოვა საიდუმლო შეთანხმება, რომლის თანახმად, აშშ-სა და მექსიკას ომი უნდა დაესრულებინათ.

ჟურნალისტმა აღნიშნული დოკუმენტები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, ერთი თვე პატიმრობაში გაატარა. თუმცა, გათავისუფლების შემდეგ გამოცემის რედაქტორის პოსტი დაიკავა.

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდა არა ერთი ან ორი, არამედ ასობით და ათასობით საიდუმლო დოკუმენტის მოპოვება. სწორედ  ამის მაგალითიაპანამის დოსიე, რომელიც მილიონობით დოკუმენტს შეიცავს, ან Wikileaks-ის პუბლიკაციები.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ციფრული ინფორმაციის დაცვა სულ უფრო რთული ხდება, მისი მოპოვება კი სულ უფრო მარტივი.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს ინფორმაცია უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე უახლესი შეიარაღება, რადგან არამხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ ქვეყნების ბედს ცვლის.

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით