როგორია ტერორიზმის ფსიქოლოგია და რა ხდება ჩვენს ტვინში გამუდმებული ტერორისტული აქტების დროს | Allnews.Ge

როგორია ტერორიზმის ფსიქოლოგია და რა ხდება ჩვენს ტვინში გამუდმებული ტერორისტული აქტების დროს

შიში ტერორისტულ აქტების მთავარი ფსიქოლოგიური იარაღია, - ამბობს სასამართლო ფსიქიატრიის სპეციალისტი დანიელ ანტონიუსი.

"სწორედ ამ შიშმა ან შესაძლო ტერორისტული აქტების მოლოდინმა შეიძლება მოახდინოს სერიოზული გავლენა ჩვენს ქცევასა და გონებაზე", - განმარტავს ის.

შიშით აპელირებენ ტერორისტული დაჯგუფებები, როდესაც ძალადობრივ აქტებს ახორციელებენ. მათ სურთ, რომ ადამიანი შიშით იყოს შეპყრობილი და მუდმივად ჰქონდეს ძალადობის მოლოდინი. მათი ფსიქოლოგიით, ტერორისტული აქტები მათ აქტუალურობას უსვამს ხაზს და ყველაფერს აკეთებენ ამის დასადასტურებლად.

ასე მაგალითად, "ისლამური სახელმწიფო" მზარდი ძალადობის ტაქტიკას მიმართავს.

პირველმა ფაქტმა, როდესაც ისლამისტმა ტყვეს თავი მოაჭრა, მთელი მსოფლიო შეძრა. მოგვიანებით, ანალოგიური აქტები უკვე მასობრივი გახდა, დასჯის ფაქტებს ტყვეების ცოცხლად დაწვა და სხვა შემზარვი ინციდენტებიც დაერთო.

ჯანმრთელი ადამიანისთვის "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებები ბარბაროსული აქტია, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიერაა ჩადენილი.

"ისლამური სახელმწიფო" სწორედ ამ ძალადობრივი აქტების განხორციელებას ასწავლის არასრულწლოვანებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება.

"ქალები და ბავშვები მკვლელები არ უნდა იყვნენ", - ამბობს ერიკ ჰოლანდერი, კლინიკური ფსიქიატრიის პროფესორი, რომლის თქმით, ტერორისტს მით უფრო აქვს გავლენა ადამიანზე, რაც უფრო ნაკლებად ცივილიზებულად იქცევა ის.

ექსპერტი ტერორიზმის საკიხებში ჯონ ჰორგანი კი ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტაქტიკა სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიური ომი.

"ეს არის წმინდა წყლის ფსიქოლოგიური ომი. მათ არამხოლოდ ჩვენი დაშინება სურთ, არამედ ცდილობენ, რომ ჩვენ მათ "ყველაფრის გამკეთებელ ადამიანებად ვთვლიდეთ", - ამბობს ის.

ექსპერტების თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ პარიზსა და ბრიუსელშიც ტერორისტებმა ერთდროულად რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელეს.

"რამდენიმე თავდასხმა აძლიერებს ფსიქოლოგიურ ტერორს, - ამბობს ჰოლანდერი, - თუ ბრიუსელის ვიდეოებს გადახედავთ, პირველი აფეთქების შემდეგ ხალხი ყვიროდა, ადამიანები შიშით იყვნენ შეპყრობილი. მაგრამ როდესაც მეირე ბომბი აფეთქდა, სრული სიჩუმე იყო. ხალხი გაშეშდა, ადამიანები ფსიქოლოგიურად პარალიზებული იყვნენ".

ჩვენს ორგანიზმში მოქმედებს დამცავი მექანიზმი, რომელიც შიშზე ახდენს რეაგირებას, ეს არის გენეტიკურ დონეზე ჩადებული სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყალიბდებოდა და იხვეწებოდა.

როდესაც ჩვენ ყვირილი გვესმის, ნერვული სისტემა წამიერად აგზავნის სიგნალს ტვინის ცენტრში, ე.წ. ნუშისებრ სხეულში. შემდეგ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონი, კორტიზოლი და ადრენალი იწვევს გულისა და სუნთქვის აჩქარებას, ამ დროს, ჩვენ მზად ვართ გავიქცეთ ან ვიბრძოლოთ.

შემდეგ, ტვინი იღებს მეტ ინფორმაციას და ჩვენ ვაანალიზებთ რამდენად რეალურია საფრთხე და რა უნდა მოვიმოქმედოთ. თუ ტვინი თვლის, რომ უსაფრთხოდ ვართ, სისტემა მშვიდდება და ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით.

მაგრამ თუ მუდმივად ვართ დაძაბული, ეს ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. პირველ რიგში, ჩვენ საღი აზროვნების უნარს ვკარგავთ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება, დაქვეითებული აზროვნების ან მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შეგრძნება გვიჩნდება.

მაგალითად, ასეთი ფსიქოლოგიური პრობლემის დროს ადამიანი მუდმივად უყურებს ტელევიზორს, ეძებს სულ უფრო მეტ ინფორმაციას იმისთვის, რომ მომავალში საფრთხე აიცილოს თავიდან.

ექსპერტები ამბობენ, რომ შიში რთული ფსიქოფიზიოლოგიური და ემოციური გამოცდილებაა, რომელიც იწვევს ცვლილებებს ადამიანის განწყობაში, ტემპერამენტში, მოტივაციასა და პიროვნებაში.

შიშის ქრონიკული გამოცდილება შესაძლოა საბოლოოდ ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდოს და ფიზიკური სახის პრობლემებიც შექმნას. მაგრამ საბედნიეროდ, შოკისა და დეპრესიის პერიოდის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობას ტერორიზმის მიმართ დამცავი მექანიზმი უმუშავდება.

ექსპერტების მოსაზრებით, განკურნება უფრო სწრაფად ხდება, თუ ადგილობრივი თემის მხარდაჭერა გვაქვს. მაგალითად, პარიზის ტერაქტების შემდეგ გამართული სოლიდარობის აქციები ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ თვალსაზრისით.

 

წყარო: The psychology and neuroscience of terrorism

myquiz