ძილი - სტრატეგიული რესურსი დამსაქმებლებისთვის | Allnews.Ge

ძილი - სტრატეგიული რესურსი დამსაქმებლებისთვის

ძილი "სტრატეგიული რესურსია", რომელსაც კომპანიების უმრავლესობა ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ამის შესახებ ამერიკელი პროფესორი, კრისტოფერ ბერნსი თავის მცირე კვლევაში აღნიშნავს.

მისი თქმით, როდესაც სამუშაო საათები თანამშრომლების ბუნებრივი ძილის საჭიროების მიხედვით არის შედგენილი, შესრულებული სამუშაო უფრო მაღალი ხარისხის გამოდის. ამასთან თანამშრომლები უფრო ინოვაციურები არიან, ვინაიდან გამოძინებულები უფრო მეტად არიან კონცენტრირებულნი სამუშაოზე, ნაკლებ სტრესს განიცდიან და უფრო ჯანმრთელები არიან. ამასთან, პროფესორის თქმით, როდესაც დასაქმებულებს ძილი აკლიათ, უფრო დიდია მათი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობა.

თუმცა, მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ შესაძლოა, ადამიანი დილის რვა საათზეც პროდუქტიული იყოს და ეს დამოკიდებულია მის ცირკადულ რიტმზე, რაც ადამიანის სხეულის დროის ციკლთან სინქრონს გულისხმობს. ყველა ადამიანის ორგანიზმი კი ამ მხრივ ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველას აქვს თავისი შინაგანი საათი, - ამბობენ მეცნიერები.

მიუნხენის სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, თილ რონენბერგის თქმით, დასაქმებულების დაახლოებით 70 პროცენტი თავის შინაგან საათთან შედარებით ადრე დგება.

ადამიანის შინაგან საათსა და დღის განრიგს შორის შეუთავსებლობა მოზარდობის ასაკიდანვე იწყება. როგორც ბრიტანელი პროფესორი პოლ კელი ამბობს, მოზარდები მაშინ როდესაც საშუალო სკოლაში იწყებენ სიარულს, სამი საათით ადრე დგებიან, ვიდრე უნდა ადგნენ შინაგანი საათის მიხედვით. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში სკოლაში 7:30 საათზე უნდა იყვნენ. ეს კი პროფესორის თქმით, მოზარდებში ქრონიკულ უძილობას, კონცენტრირების უნარის დაქვეითებას და ისეთ საშიშ დაავადებებსაც იწვევს, როგორიცაა ჭარბწონიანობა და დიაბეტი. აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩატარებული კვლევების გამო, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილმა გაკვეთილების დაწყების დრო გადაწია კიდეც.

მომზადებულია "ბიბისის" მიხედვით

myquiz