იყო თუ არა კოკო შანელი გერმანული დაზვერვის აგენტი - აქამდე უცნობი ფაქტები დიზაინერის შესახებ | Allnews.Ge

იყო თუ არა კოკო შანელი გერმანული დაზვერვის აგენტი - აქამდე უცნობი ფაქტები დიზაინერის შესახებ

ფრანგი ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ განთქმული დიზაინერი, კოკო შანელი მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული დაზვერვის აგენტი იყო.

ისტორიკოსებმა, ნაცისტებთან კავშირში მყოფი ათასობით ადამიანის ვინაობის შემცველი საარქივო მასალები შეისწავლეს, რომლებშიც კოკო შანელიც ფიგურირებდა.

დოკუმენტები ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.

არქივის თანამშრომლის ფრედერიკ კუგინერის მოსაზრებით, შანელი გერმანულმა დაზვერვამ გადაიბირა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თავად შანელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"მათ დაარეგისტრირეს შანელი როგორც ინფორმაციის პოტენციური წყარო, რომელსაც გარკვეული მისიის შესრულება, ან მათზე მუშაობა შეეძლო. მაგრამ არ ვიცით, იცოდა თუ არა ამის შესახებ თავად შანელმა", - განმარტავს კუგინერი.

ისტორიკოსების მიერ შესწავლილი დოკუმენტები "ფრანგული სპეცსამსახურების მიერ, 1944 წლით დათარიღებულ ინფორმაციას შეიცავს, რომლის თანახმად, 1942-43 წლებში "მადამ შანელი ბარონ გიუნტერ ფონ დინკლაგეს საყვარელი იყო".

საარქივო მასალების მიხედვით, დინკლაგე საფრანგეთში გერმანიის საელჩოს ატაშეს პოსტს იკავებდა და 1935 წელს პროპაგანდის სფეროში მუშაობდა.

ფრანგი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ იგი ნაცისტების საიდუმლო აგენტი იყო. გარდა ამისა, არქივში აღმოაჩინეს ანონიმური წყაროს კონფიდენციალური წერილი, რომელიც საფრანგეთისთვის იყო განკუთვნილი, სადაც წყარო წერს, რომ მადამ შანელი სანდო პიროვნება არ არის.

ამ ინფორმაციის მიუხედავად, ფრანგმა ისტორიკოსებმა ვერ აღმოაჩინეს კოკო შანელის ხელმოწერა ნაცისტებთან თანამშრომლობის შესახებ ან მის მიერ ნაცისტებისთვის მიწოდებული რაიმე ინფრომაცია.

კოკო შანელის გერმანულ დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელებულა. 2011 წელს ამერიკელი ჟურნალისტი ჰელ ვოგანი თავის წიგნში "მტრის ლოგინში" წერს, რომ შანელი ნაცისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვის ორგანოში - აბვერში "ვესტმინსტერის" მეტსახელით იყო ცნობილი, ის ახალი წევრების გადაბირებით თავად იყო დაკავებული და 1943 წელს მადრიდში საიდუმლო დავალებით ჩავიდა.

1945-46 წლებში ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით საფრანგეთში 3 920 მოქალაქეს დახვრეტა მიუსაჯეს, კიდევ 10 000-ს კი პატიმრობა.

რაც შეეხება კოკო შანელს, ცნობილი დიზაინერი, რომლის ნამდვილი სახელი გაბრიელ ბონერ შანელია, 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა და 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

myquiz