რა არის კიბერფსიქოლოგია და ემუქრება თუ არა კაცობრიობას ინტერნეტდამოკიდებულების საფრთხე | Allnews.Ge

რა არის კიბერფსიქოლოგია და ემუქრება თუ არა კაცობრიობას ინტერნეტდამოკიდებულების საფრთხე

კიბერფსიქოლოგიას ხშირად ინტერნეტ ან ვებფსიქოლოგიას უწოდებენ. ეს დარგი ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ფენომენებს შეისწავლის.

კიბერფსიქოლოგია "ადამიანი-მანქანის" სფეროში ადამიანის ფსიქიკის თავისებურებებს სწავლობს და ადამიანის ფსიქიკაზე ვირტუალური რეალობის გავლენას იკვლევს.

მაგალითისთვის, ინტერნეტი, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებაში უზარმაზარი როლი უკავია, ჩვენს ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დასავლეთის ქვეყნებში დგას, სადაც ფსიქოანალიტიკურ ცენტრებში მყოფი პაციენტებისთვის ვირტუალური ურთიერთობა სხვა ადამიანებთან კონტაქტის ერთადერთი საშუალებაა.

კიბერფსიქოლოგიაში არსებობს შესაბამისი ტერმინებიც: ინტერნეტზე დამოკიდებულება, "ონლაინ დამოკიდებულება" და "ქსელური დამოკიდებულება".

მედიცინისა და ფსიქიატრიის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტზე დამოკიდებულება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ კუთხით რამდენიმე კატეგორიას გამოყოფენ:

1. ინფორმაციული გადატვირთვა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს მუდმივი სურვილი უამრავ ვებგვერდზე შევიდეს

2. გადაჭარბებული ვირტუალური ურთიერთობა, მათ შორის მონაწილეობა უამრავ ჩატში, სოციალურ ქსელსა და ფორუმში

3. ინტერნეტ თამაშები

4. ონლაინ-ფინანსური დამოკიდებულება, როცა ადამიანი მუდმივად მიმართავს აზარტულ ონლაინ თამაშებს

5. კიბერსექსუალური დამოკიდებულება, როცა ადამიანი ვირტუალურ სექსუალურ კონტაქტს ამყარებს ან დამოკიდებულია პორნოგრაფიულ ფილმებზე

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღეს ინტერნეტ დამოკიდებულება დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აღენიშნება. ზოგიერთი მედიკოსი ამას უკვე ფსიქიატრიულ აშლილობასაც კი უწოდებს.

სპეციალისტები კიბერფსიქოლოგიის დარგში მიიჩნევენ, რომ ახალი ტექნოლოგიები ადამიანის ფსიქიკისთვის შეიძლება დამანგრეველიც იყოს. მაგალითად, "Facebook"-ის სოციალურ ქსელში მუდმივი ყოფნის გამო ადამიანს უჩნდება მარტოობის, საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება, რომელიც შესაძლოა, დეპრესიაშიც კი გადაიზარდოს.

myquiz