საუკუნის ძარცვა - როგორც გაქურდეს "მოხუცმა ყაჩაღებმა" ლონდონის საიუველირო საცავი | Allnews.Ge

საუკუნის ძარცვა - როგორც გაქურდეს "მოხუცმა ყაჩაღებმა" ლონდონის საიუველირო საცავი

გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დანაშაული მოხდა. 2015 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც ბრიტანელები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, მოხუც მძარცველთა ჯგუფმა, რომლებიც მოგვიანებით "ცუდი პაპების" სახელით გახდნენ ცნობილი, ლონდონის საიუველირო რაიონში ჰატონ გარდენში მდებარე საცავი გაძარცვა.

ბოროტმოქმედები შენობაში 3 აპრილს შევიდნენ და 2 დღის განმავლობაში მშვიდად "მუშაობდნენ".

ოპერაციის ჩასატარებლად მათ ჯერ შენობის ლიფტი გათიშეს, შემდეგ ჩავიდნენ სარდაფში, საცავის კედელი გაბურღეს და 14 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და ძვირფასი ქვები გაიტანეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავეების დაკავება მალევე შეძლეს. თუმცა, პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, 10 მილიონი სტერლინგის ოდენობის ძვირფასეულობა აქვს გადამალული.

საინტერესია, რომ ოქროს ნაკეთობებისა და ძვირფასი ქვების ნაწილი სამართალდამცველებმა ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე აღმოაჩინეს. ოქროულობით სავსე ჩანთას ბოროტმოქმედები ერთ-ერთი მძარცველის, დენი ჯოუნსის სიმამრის საფლავზე ინახავდნენ.

ბრიტანული მედია დაინტერესდა, რა შეცდომები დაუშვეს მოხუცმა მძარცველებმა ოპერაციის ჩატარების დროს და განმარტებებისთვის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს მიმართეს.

მათი განმარტებით, მოხუცებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა არ გაითვალისწინეს - მაგალითად, ერთ-ერთი მძარცველი საცავთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდა და ავტობუსით მგზავრობისთვის ელექტრონული ბარათი გამოიყენა.

გახმაურებული საქმის გამოძიებისას, სასამართლომ 75 წლის ჯონ კოლინზს, 61 წლის დენი ჯოუნსსა და 67 წლის ტერი პერკინსს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ძარცვაში მონაწილე 59 წლის კარდ ვუდს 6 წელი, ოპერაციის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელ უილიამ ფიშს - 7, 49 წლის ჰიუ დოილს 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.

დანაშაულის ორგანიზატორი 76 წლის ბრაიან რიდერი სასამართლოს წინაშე ვერ წარდგა - მან ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა, ამიტომ მისი განაჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

myquiz