10.03.2016 / 12:01
შრიფტის ზომა:

2016 წელს მოსალოდნელი ასტრონომიული მოვლენები, რომლებიც არ უნდა გამოვტოვოთ

ასტრონომიული მოვლენები არაერთი ადამიანის ინტერესს იწვევს. ზოგი მოვლენა ათობით და ასობით წლის განმავლობაში ერთხელ ხდება. ასე მაგალითად, ინდონეზიაში სრული მზის დაბნელება ყოველ 33 წელიწადში ერთხელ ხდება. დიდ ბრიტანეთში მსგავს მოვლენას 2090 წლამდე ვერ ვიხილავთ. მანამდე კი ვისაც მზის სრული დაბნელების ხილვა სურს, ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გაემგზავროს, სადაც ეს მოვლენა 2017 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდება.

გთავაზობთ იმ ასტრონომიული მოვლენების ჩამონათვალს, რომელსაც 2016 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა იხილავს.

1. ეტა-აკვარიდები (მეტეორთა ნაკადი) - 6-7 მაისი, 2016 წელი. ეს არის მეტეორთა წვიმა, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინ კომეტის დაშლის შედეგად წარმოიქმნა, იგი საათში დაახლოებით 30-60 მეტეორს ქმნის. ეს მოვლენა ყველაზე შესამჩნევი დედამიწიდან 6 მაისს, დილით იქნება.

2. "მერკურის ტრანზიტი" - 9 მაისი, 2016 წელი. ამ დროს პლანეტა მერკური დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა, ეს მოვლენა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. მისი დანახვა ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთიდან, წყნარი ოკეანის რეგიონის აღმოსავლეთიდან ან ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან იქნება შესაძლებელი.

3. მარსის დაპირისპირება - 22 მაისი, 2016 წელი. ამ დღეს დედამიწა და მარსი ყველაზე მეტად მიუახლოვდებიან ერთმანეთს. იგი შესამჩნევი ლონდონიდან საღამოს 22:03 საათიდან 3:46 წუთამდე იქნება.

4. სატურნის დაპირისპირება - 3 ივნისი, 2016 წელი. ვისაც სატურნის დანახვა დედამიწიდან სურს, ამ დღეს უნდა დაელოდოს. იგი ყველაზე კარგად ლონდონიდან გამოჩნდება.

5. ნასა-ს მიერ გაშვებული მოწყობილობა "იუნონა" იუპიტერზე დაეშვება - 4 ივლისი, 2016 წელი. "იუნონა" ნასამ 2011 წლის აგვისტოში გაგზავნა. იგი პლანეტის შესწავლის მიზნით გაგზავნეს. მან დედამიწაზე უნდა გამოგზავნოს ინფორმაცია იუპიტერის შემადგენლობის, გრავიტაციის და მაგნიტური ველების და პოლარული მაგნიტოსფეროს შესახებ.

6. პერსეიდების მეტეორთა ნაკადი - 12-13 აგვისტო, 2016 წელი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მეტეორთა წვიმა. ამ დროს საათში დაახლოებით 80 მეტეორი წარმოიქმნება. მისი შემჩნევა ყველაზე კარგად შუაღამით იქნება. მისი დანახვა თითქმის ყველა ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

7. მერკურის ყველაზე დიდი აღმოსავლეთის ელონგაცია - 16 აგვისტო, 2016 წელი. მაისში მოსალოდნელი "მერკურის ტრანზიტის" შემდეგ, მერკურის დანახვის საუკეთესო შესაძლებლობა დედამიწიდან სწორედ ამ დღეს იქნება. იგი ამ დღეს მზიდან ყველაზე დაშორებული იქნება. სამწუხაროდ ამ მოვლენის დანახვა დასავლეთ ევროპის ტერიტორიიდან არ იქნება შესაძლებელი. საუკეთესო ადგილი მერკურის დანახვისთვის ამ დღეს აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთი იქნება.

8. ვენერისა და იუპიტერის შერწყმა - 27 აგვისტო, 2016 წელი. მზის სისტემაში ვენერა და იუპიტერი ორი ყველაზე ნათელი პლანეტაა. 27 აგვისტოს დედამიწის მოსახლეობას საშუალება ექნება ისინი დაინახოს ერთმანეთთან ძალიან ახლოს.

9. ნეპტუნის დაპირისპირება - 3 სექტემბერი, 2016 წელი. ამ დღეს ნეპტუნი მზიდან ყველაზე დაშორებული იქნება. მისი დანახვა ყველაზე კარგად ლონდონიდან იქნება შესაძლებელი.

10. ურანის დაპირისპირება - 15 ოქტომბერი, 2016 წელი. ურანი აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან 21 გრადუსით ზემოთ აიწევს, ეს მოვლენა ყველაზე კარგად ლონდონიდან გამოჩნდება.

11. ორიონიდის მეტეორთა წვიმა - 21-22 ოქტომბერი, 2016 წელი. ორიონიდის მეტეორთა წვიმა აქტიურობის მაქსიმალურ დონეს 21 ოქტომბრის საღამოს მიაღწევს. მისი შემჩნევა ბნელი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

12. გემინიდის მეტეორთა წვიმა - 13-14 დეკემბერი, 2016 წელი. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც მეტეორთა წვიმის საუკეთესო მაგალითი.