09.03.2016 / 16:20
შრიფტის ზომა:

დავით ეკონომისტი

1122 წელს, მეფე დავით აღმაშენებელმა თბილისი არაბებისაგან გაათავისუფლა. გვიანი შუა საუკუნეების ლიდერები, როგორც წესი, სასტიკად უსწორდებოდნენ დამარცხებულ მტერს. ამრიგად, დავითის გამარჯვების ლოგიკური შედეგი იქნებოდა ყოფილი დამპყრობლების ამოხოცვა. მაგრამ დავითი ასე არ მოქცეულა. მან არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ყოფილ დამპყრობლებს, არამედ იზრუნა იმაზეც, რომ ქალაქი არ დაცლილიყო მუსლიმი მოსახლეობისაგან. პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, დავითმა მუსლიმები სახელმწიფო გადასახადისგან ერთი წლით გაათავისუფლა.

1089 წელს, როდესაც დავითი გამეფდა, საქართველო უკვე სულ მცირე სამი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა დამპყრობელთა მმართველობის ქვეშ. გონივრული ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმების მეშვეობით, მეფემ გააძლიერა ადგილობრივი არისტოკრატიის ძალაუფლება და სათავეში ჩაუდგა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებს. დიდგორის ბრძოლა, რომელიც თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველების გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.

აღმაშენებლის მიზანი იყო შეექმნა ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ მას არ სურდა საკუთარი ქვეყნის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევებით არის ცნობილი, დავითი დიდი ეკონომისტიც იყო. თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების აღმოცენებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, საქართველოს ჰყავდა მეფე, რომელიც აცნობიერებდა ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და თავისუფალი ვაჭრობის როლს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. დავითმა ისიც კი მოახერხა, რომ შუა საუკუნეებში საერთაშორისო ვალუტა შემოეღო. მე-12 საუკუნეში, საქართველოში მეფობდა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით უსწრებდა მის თანამედროვე ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ ნებისმიერ ქვეყანას.

უცხოელი ინვესტორებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს ეკონომიკურ ცენტრად ქცევა არც მსოფლიო ბანკისა და არც თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების იდეა არ არის. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელს სურდა განევითარებინა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყანა სავაჭრო ცენტრად ექცია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ცენტრის აბსტრაქტული ცნება მისთვის უცნობი იყო. ქართული მოსახლეობა, ძირითადად, მუშაობდა სოფლის მეურნეობის სექტორში და არ აწარმოებდა ბევრ ისეთ საქონელს, რომელთა ტრანსპორტირებაც შესაძლებელი იქნებოდა დიდ მანძილზე და მოგებასაც მოიტანდა. მეორეს მხრივ, ბევრი მუსლიმი, სომეხი და ებრაელი დახელოვნებული იყო ხელოსნობასა და ვაჭრობაში.

მეფემ სწორედ ამ ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში ეკონომიკური საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა. კერძოდ, ქართველის ყოველწლიური შესატანი სახელმწიფო ხაზინაში შეადგენდა 5 დინარს, ებრაელებს უწევდათ 4 დინარის, ხოლო მუსლიმებს კი მხოლოდ 3 დინარის გადახდა. დავითის მეფობის დროს ქალაქი გორი, რომელიც მანამდე მცირე დასახლებას წარმოადგენა იქცა ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრად. ეს მეფის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი იყო.

სწორედ მისი ბრძანებით გორში ჩაასახლეს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა და ვაჭრობისა და ცხოვრების ხელსაყრელი პირობებიც შესთავაზეს. ზემოაღნიშნული ცვლილებები ხდებოდა იმ დროს, როდესაც უცხოელებსა და უმცირესობებს მთელ მსოფლიოში უმოწყალოდ ეპყრობოდნენ. ევროპის დიდ ნაწილში ებრაელებს დასახლების უფლებაც კი არ ჰქონდათ და იმ ტერიტორიებზეც, სადაც დასახლება შეეძლოთ, უწევდათ, რომ გადაეხადათ არაადექვატურად მაღალი გადასახადები გაუგებარი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რაც მათ მძიმე ტვირთად აწვებოდათ. ამავდროულად ევროპაში მოქმედებდა დროიტ დ'აუბაინე და დროიტ დე ნაუფრაგე კანონები. დროიტ დ'აუბაინე-ს მიხედვით გარდაცვლილ უცხოელს არ ქონდა უფლება ქონება მემკვიდრეებისათვის დაეტოვებინა და გარდაცვალების შემდეგ უცხოლელის მოძრავი და უძრავი ქონების კონფისკაცია ხდებოდა სახელწიფოს ან ადგ. ფეოდალის მიერ. დროიტ დე ნაუფრაგე-ს მიხედვით კი სანაპიროს მეპატრონე ფეოდალი ითვლებოდა მესაკუთრედ მის სანაპიროზე კატარსტოფის შედეგად გამორიყული გემის, მასზე არსებული ტვირთისა და ასევე ადამიანების. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი დაგმობილ იქნა რომის პაპის მიერ 1079 წელს მაინც გამოიყენებოდა XVIII საუკუნემდე გერმანიასა და იტალიაში.

ინფრასტრუქტურა - ის რომ ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მისი მეშვეობით ხდება ბაზრების განვითარება და ვაჭრობის ხელშეწყობა არ არის ახალი გამოგონება. ჯერ კიდევ რომის იმპერიაში არმიის მიერ კარგად დაცული ქვის გზების ქსელი საქონლის უსაფრთხო, სწრაფ და შორ მანძილებზე შედარებით დაბალ ფასად ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა. ბევრ საზღვაო ქალაქს ჰქონდა დაცული პორტები, რომლებიც სანაპიროზე დაყენებულ გემებს შტორმისაგან იცავდნენ, და შუქურები სანაპიროების გასწვრივ, რომლებიც სანავიგაციო სერვისებს უზრუნველყოფდნენ.

დავითის მმართველობის ხანაში, დიდი ყურადღება ექცეოდა ქვეყნის ინფრასტუქტურის განვითარებას, შენდებოდა ხიდები და ქვით მოკირწყლული გზები. ამასთან შენდებოდა ქარვასლებიც - ჰოსტელები, რომლებშიც უცხოელ ვაჭრებს გადასახადის გარეშე შეეძლოთ ღამი გათევა. სიტყვა "ქარვასლა" წარმოდგება სიტყვა "ქარავანისგან" - ეს არის აღმოსავლეთის ვაჭართა ჯგუფები, რომლებიც ერთად მოგზაურობდნენ, ეხმარებოდნენ და იცავდნენ ერთმანეთს. მაშასადამე, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პოლიტიკაშიც ჩანს, რომ დავითს კარგად ესმოდა რამდენად დიდი მნიშვნელობა ქონდა საქართველოსნაირი მცირე ქვეყნისათვის საერთაშორისო ვაჭრობას.

დავითის შორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ მალე გამოიღო ნაყოფი. მეთორმეტე საუკუნეში საქართველო გახდა ხის ავეჯის, თიხის ჭურჭლის, თეფშების და ოქროს სამკაულის ექსპორტიორი ქვეყანა. საერთაშორისო ვალუტის შემოღება თანამედროვე საბაზრო ეკონომიკები ხშირად დაკავშირებული არიან ეგრეთწოდებული დეკრეტული (ფიატ) ფულის წარმოშობასთან. "ფიატ" სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან და ნიშნავს "დაე იყოს". მაშინ როცა ტრადიციული, საქონლური ფული ღირებულებას იძენს იმ ძვირფასი მეტალის ღირებულების მიხედვით, რომელიც გამოიყენება ამ მონეტების დასამზადებლად (ეგრეთწოდებული თანდაყოლილი ღირებულება), თანამედროვე ფული გამოხატავს ღირებულებას მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს საზოგადო შეთანხმება და ზოგჯერ კანონიერი ვალდებულებაც, რომ მიიღო ესა თუ ის ვალუტა, როგორც გადახდის საშუალება. როგორც თვითონ ტერმინი "ფიატ" გულისხმობს, ხანდახან უბრალოდ ვაცხადებთ, დაე იყოს ფული.

აბა გამოიცანით, პირველმა ვინ შემოიღო "დეკრეტული" ფული დასავლეთში? დიახ, ეს გახლდათ დავით აღმაშენებელი, საქართველოს მეფე. დავითმა შემოიღო ახალი მონეტა, რომელიც იყო არა ვერცხლისგან, არამედ სპილენძისგან დამზადებული. მან გამოაცხადა, რომ ეს სპილენძის მონეტები უნდა ყოფილიყო მიღებული გადასახდელების გადახდისას იმავე ღირებულებით, რა ღირებულებაც ჰქონდა ვერცხლის მონეტებს. საბოლოოდ, ვერცხლის მონეტები ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან და საქართველო ჩინეთის გარეთ იყო პირველი ქვეყანა "დეკრეტული" ფულით (დეკრეტულს ფრჩხილებში იმიტომ ვწერთ, რომ ეს მონეტა იყო თანდაყოლილი ღირებულების მატარებელი, თუმცა მისი თანდაყოლილი ღირებულება ბევრად ჩამოუვარდებოდა მის საზოგადოდ აღიარებულ ღირებულებას).

უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ ახალი მონეტები მიღებული იყო საქართველოში, ისინი პოპულარული გახდა მთელ კავკასიაში და მუსლიმურ სამყაროშიც კი. როგორ მოახერხა დავითმა თანამედროვე ევროსა და დოლარის მსგავსი საერთაშორისო ვალუტის შემოღება მეთორმეტე საუკუნეში? პირველ რიგში, ახალი ვალუტა ღირებულებას იძენს საკუთარი მსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე. ეს, თავის მხრივ, იყო საქართველოს ძლიერი ეკონომიკის პირდაპირი შედეგი. ძალიან ბევრი მიმზიდველი საქონელი არსებობდა, რომელთა შეძენაც შეიძლებოდა დავითის ვალუტით და, მაშასადამე, არავინ ღელავდა იმაზე, თუ რისგან იყო ის დამზადებული, ვერცხლისა თუ სპილენძისაგან. ამას გარდა, ახალ მონეტებზე ამოკვეთილი იყო როგორც ქართული, ასევე არაბული ასოები, რაც მათ უფრო მიმზიდველს ხდიდა მუსლიმი ვაჭრებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ წაეკითხათ მონეტის ნომინალური ღირებულება თავიანთ მშობლიურ ანბანზე. ამრიგად, ქართული ფულის საერთაშორისო ვალუტად ქცევა არ ყოფილა შემთხვევითი. ის იყო დავითის შორსმჭვრეტელობისა და რაციონალური გეგმის შედეგი.

თანამედროვე პოლიტიკური დებატებისას ჩვენს ქვეყანაში ერთი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. კერძოდ, ის, რომ საქართველო ძალიან მცირე ქვეყანაა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა. საქართველოს სჭირდება უცხოელები, ჩვენს ქვეყანაში კაპიტალისა და ცოდნის, ე.წ ნოუ ჰაუს შემოსატანად, და საქართველო დამოკიდებულია უცხოელებზე ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას. დავით აღმაშენებელს კარგად ესმოდა, რომ მისი ყოფილი სამხედრო მტრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეკონომიკური პარტნიორები. ხედვა ეკონომიკური წარმატების ნაციონალიზმსა და შოვინიზმთან კონფლიქტის შესახებ საქართველოში 900 წლისაა, მაგრამ დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს დავითის დროს იყო.

მაკა ჭითანავა და ფლორიან ბიერმანი