რატომ აღვნიშნავთ 8 მარტს ქალთა დღეს | Allnews.Ge

რატომ აღვნიშნავთ 8 მარტს ქალთა დღეს

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება და ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალურ დღესასწაულად მიიჩნევა. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი 1911 წელს, ნიუ-იორკის "ტრაიენგლ შირტუეისტ" საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი გახდა, რამაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში დაიბადა, როდესაც მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი ასეთი დემონსტრაცია 1857 წლის 8 მარტს გამართული ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა იყო. მათი პროტესტის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო.

ქუჩაში გამოსული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

1908 წელს კი ნიუ-იორკის ქუჩებში 15 000 ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, კოპენჰაგენში ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით ქალთა საერთაშორისო დღე დაწესდა. შემდეგი წლის ამ დღეს ქალთა მიმართ სოლიდარობის მიზნით, ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. 

1913 წლის 8 მარტს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობა მოაწყეს.

1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს, რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა "საბჭოთა ქალთა კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში სამშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე გმირობის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისთვის".

დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა, თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ამ დღემ ისევ შეიძინა პოპულარობა.

1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.

myquiz